“კონტრაქტი ეშმაკთან” — გუგავა ენმ-სა და ოქრიაშვილის ალიანსზე

“ლეიბორისტული პარტიის” წევრი გიორგი გუგავა კახა ოქრიაშვილისა და ცეზარ ჩოჩელის საარჩევნო ბლოკ “ძალა ერთობაშიასთან” შეერთებას გამოეხმაურა. გუგავამ ენმ-ს ლიდერ გრიგოლ ვაშაძის მიერ კახა ოქრიაშვილთან გაფორმებულ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს “კონტრაქტი ეშმაკთან” უწოდა.
“ათეული წლებია ქვეყანას ძარცვავენ, იტაცებენ სახელმწიფო ქონებას, ხრავენ ბიუჯეტს, ვაჭრობენ ადამიანების სიცოცხლითა და ჯანმრთელობით, ყველა ხელისუფლების ოლიგარქიულ დასაყრდენად იქცნენ, ამათი მაჟორიტარული ვნებების გამო დაგვარბიეს, ბავშვებს თვალები დათხარეს და ახლა “ოპოზიციის მანტიით” კვლავ ძალაუფლებისაკენ მიილტვიან. ეს იგივეა შეთანხმება გაფორმებულიყო ივანიშვილთან, კალაძესთან, ფარცხალაძესთან, და ა.შ  ოლიგარქია უნდა დამთავრდეს…” – წერს გუგავა “ფეისბუქზე”.
კახა ოქრიაშვილისა და  ცეზარ ჩოჩელის პარტია “პროგრესი და თავისუფლება” საარჩევნო ბლოკს “ძალა ერთობაშია” უერთდება.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ და “პროგრესი და თავისუფლების” თავმჯდომარემ კახა ოქრიაშვილმა დღეს, 4 სექტემბერს, მოაწერეს ხელი.

როგორც ოქრიაშვილმა განაცხადა, “პროგრესი და თავისუფლება” იქნება გარანტი იმისა, რომ საქართველოში შეიქმნება საუკეთესო ბიზნესგარემო.

კახა ოქრიაშვილი, — სააფთიაქო ქსელ PSP-ს დამფუძნებელი, — რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგე იყო, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატებს შორის არ დაუსახელებიათ.

როგორც „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, ოქრიაშვილის „პიროვნების მიმართ არავითარი პრეტენზია“ არ არსებობდა, მაგრამ „როგორც პოლიტიკოსი, იგი დაშორდა გუნდს“.

დმანისის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი, რომელიც სხვადასხვა დროს როგორც “ნაციონალური მოძრაობის”, ისე “ქართული ოცნების” სპაარლამენტო უმრავლესობის წევრი იყო, აცხადებს, რომ ამ პარტიების შეცდომებზე და დანაშაულებზე პასუხისმგებლობას არ იზიარებს.

“მე პოლიტიკაში მოვხვდი როგორც დამოუკიდებელი პიროვნება, საინიციატივო ჯგუფით და ყოველთვის ვიქცეოდი დამოუკიდებლად. თუ რომელიმე პოლიტიკურ გუნდთან მაკავშირებდა ურთიერთობა, ამას უფრო მოკავშირეების ურთიერთობას დავარქმევდი და არა – წევრობას. ახლა გავხვდი პარტიული და წარმოვადგენ “პროგრესი და თავისუფლებას”. თუ რომელიმე პარტიასთან მაკავშირებდა მოკავშირეობა წარსულში, მე არასდროს ვიზიარებდი პასუხისმგებლობას იმ პრობლემებზე, შეცდომებზე ან დანაშაულზე, რომელიც წარსულში იყო – 2012 წლამდე თუ 2012 წლის შემდეგ. ვერ გავიზიარებ პასუხისმგებლობას იმაზე, რაც იყო 2012 წლამდე ბიზნესთან დაკავშირებით და ვერც იმას გავიზიარებ, რაც იყო გავრილოვის დღესთან დაკავშირებით”, – განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.

წყარო

2020-09-04T13:54:35+04:00სექტემბერი 4th, 2020|