როცა ჯარიმას ჩალის ფასი აქვს

ავტორი: ია ასათიანი

ჩინურმა კომპანია სინოჰიდრომ საქართველოს გარემოს 2.8 მილიონამდე ლარის ზიანი მიაყენა. ამისთვის 2013 წლიდან დღემდე 49 ათასი ლარით დაჯარიმდა და მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეები ბოლომდე გამოძიებულიც კი არაა. ამ ფონზე ჩვენი მთავრობა “სინოჰიდროს” ახალ, ასეულობით მილიონის ღირებულების კონტრაქტებს უფორმებს.

ამასთანავე “კორპორაცია სინოჰიდრო” მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში კორუფციაშია მხილებული. მას “საერთაშორისო გამჭვირვალობის” მალაიზიის ოფისმა “კორუფციის ძეგლი” უწოდა. აზიისა და მსოფლიო განვითარების ბანკებმა სხვადასხვა წელს შავ სიაში შეიყვანეს კორუფციული და არაჯეროვანი საქმიანობისთვის. ყირგიზეთში უხარისხო მშენებლობისთვის  2.2 მილიონი დოლარით დააჯარიმეს. სომხეთსა და ბოტსვანაში ტენდერები შეუწყვიტეს. მისი აშენებული ჰესის გამო გვინეაში 1,500 შიმპანზე განადგურების პირასაა.

მიუხედავად ამ იმიჯისა, “სინოჰიდრო” საქართველოში ერთ-ერთ მსხვილ სამშენებლო კომპანიად ითვლება და საერთაშორისო დონის ინფრასტრუქტურულ პროექტებსაც ასრულებს. მაგალითად, სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალი, რიკოთის გზა, ქობულეთის შემოვლითი გზა, ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთის მშენებლობა.

სინოჰიდროს მიერ შესრულებული პროექტები არც ჩვენთან გამოირჩევა ხარისხით. 350 მილიონამდე ლარის ღირებულების ქობულეთის შემოვლითი გზის ნაწილი, რომელიც ორი წლის წინ გაიხსნა, ადგილ-ადგილ დაბზარული და ამოტეხილია. სამტრედია-გრიგოლეთის გზაზე კი მაგისტრალის ქვეშ გვირაბები ორი მეტრის სიმაღლისაა, რომელშიც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტრაქტორები ფიზიკურად ვერ ეტევა. ამავე გზაზე ადამიანების გასავლელები წყლით ივსება. გზის მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას წყალი სახლებსა და ეზოებში დაუდგა და სახნავ-სათესი მიწები დაჭაობდა. მაგისტრალის მშენებლობის დასრულების ვადა კი პირვანდელს 2 წელზე მეტით გადასცდა. ამ თემაზე ჩვენ ადრეც ვწერდით.

სინოჰიდრომ ზემო ოსიაურის გზის კიდევ ერთი პროექტი 2020 წლის დასაწყისში მოიგო მიუხედავად იმისა, რომ სამტრედია-გრიგოლეთის მშენებლობის დროს, ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშილმა ის ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ პროექტად მოიხსენია.

კომპანიის წინააღმდეგ საქართველოში სხვადასხვა ობიექტებზე მიწის გაუვარგისებისა და სასარგებლო წიაღისეულის უკანონოდ მოპოვებისთვის 24 სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. პროკურატურასა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში ვერ გვეუბნებიან, კონკრეტულად რამდენი საქმეა კვლავ ძიებაში და რამდენია დასრულებული.

კომპანიას სისხლის სამართლის დანაშაულების გარდა ადმინისტრაციული დარღვევებიც აქვს, რისთვისაც, ჯამში, 49 ათასი ლარით დაჯარიმდა. მდინარის დაბინძურების, ლიცენზიის პირობების დარღვევისა თუ სამშენებლო ნაგავით გარემოს დაბინძურებისთვის სინოჰიდროს დღემდე 90 ჯარიმა აქვს მიღებული. გარემოზე მიყენებული ზიანი კი 2.8 მილიონ ლარს აღწევს.

ყოველ ჯერზე, როცა მთავრობა კომპანიას გარემოზე ზიანის მიყენებისთვის აჯარიმებს, “სინოჰიდრო” მათ პატიებას სთხოვს. სახელმწიფოც მეორე შანსს აძლევს. გადის დრო და შემდეგი მონიტორინგი კომპანიის საქმიანობაში ისევ იგივე ხარვეზებს პოულობს და ასე გრძელდება წლებია.

2013-2018 წლებში ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობისას “სინოჰიდრო” არაერთხელ დაჯარიმდა სასარგებლო წიაღისეულის უკანონოდ მოპოვების, მდინარის დაბინძურებისა თუ მიწის რეკულტივაციის წესების დარღვევის გამო. კომპანია ახსნა-განმარტებებში სახელმწიფოს პრობლემების მოგვარებას ჰპირდებოდა და ჯარიმების პატიებას ითხოვდა. თუმცა, კომპანიის შემოწმებიდან შემოწმებამდე მათ საქმიანობაში არაფერი იცვლებოდა და ხარვეზები ზუსტად იმავე სახით ხვდებოდა მონიტორინგის სამსახურს.

“სინოჰიდროს” მიერ ბუნებისთვის მიყენებული ზიანი თვალისთვის უხილავი არასდროს ყოფილა და თითქმის ყოველთვის, ისინი მოსახლეობას უქმნიდა სხვადასხვა სახის საფრთხეს.

მაგალითად, ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობისას სოფელ ჩაქვში არხები და ხიდი დაზიანდა, რამაც შემდეგ შიდა გზები დაანგრია, დაიტბორა ბოსტნები და მოსახლეობას გაუნადგურდა მოსავალი. სოფელ კვირიკეში კი “სინოჰიდროს” მიერ ინერტული მასალის მოპოვებისას მდინარეში ნავთობი ჩაიღვარა. მდინარის გაწმენდის მოთხოვნით ადგილობრივებმა კომპანიას რამდენჯერმე მიმართეს. მოსახლეობა ამბობდა, რომ ამ წყალს პირუტყვი სასმელად იყენებდა. მდინარე არ გასუფთავებულა. მძიმე ტექნიკის გადაადგილებით დაზიანდა სავალი გზაც. მოსახლეობამ აქცია გამართა, რადგან კომპანია საკუთარ დაპირებებს არ ასრულებდა. აქციაც ვერ გამოდგა დიდად ნაყოფიერი და მოსახლოების მოთხოვნები არ დაკმაყოფილებულა.

აქციებით საკუთარ მიზანს ვერც კინტრიშის ხეობის მოსახლეობამ მიაღწია. საქმე ისევ ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობისას გარემოზე მიყენებულ ზიანს ეხებოდა. აქ “სინოჰიდრო” ქვიშა-ხრეშს კანონით გათვალისწინებულ 5 მეტრზე ღრმად მოიპოვებდა, რაც სასმელი წყლის დაბინძურების საფრთხეს ქმნიდა. ამ შემთხვევაზეც სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, მაგრამ არავინ დასჯილა. ადგილობრივები კომპანიას მდინარისა და გარემოს დაბინძურებასა და ლანდშაფტის განადგურებაშიც ადანაშაულებდნენ. აქციაც ბევრჯერ მოაწყვეს. ხან გზები გადაკეტეს, ხან მთავრობის წევრებს მიმართეს, ხანაც კომპანიის ადგილობრივი უფროსი გაათავისუფლეს, მაგრამ დარღვევები ისევ გრძელდებოდა. 2013 წლიდან ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობისას “სინოჰიდრო,” ჯამში, 35-ჯერ დაჯარიმდა.

2014 წელს რუსთავი-თბილისის მაგისტრალის მშენებლობისას კი “სინოჰიდრომ” 841 ხე უკანონოდ მოჭრა, რაზეც სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ამ შემთხვევაშიც არავინ დასჯილა. ზიანი 420 ათას ლარად შეფასდა და კომპანიას სხვა ადგილზე 5,500 ხის დარგვა დაევალა. სისხლის სამართლის საქმე კი დაიხურა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანახმად, კომპანიამ ხეები დარგო, მაგრამ კონკრეტულად სად და გაიხარა თუ არა ნარგავებმა, არ იციან.

ერთი წლის შემდეგ კომპანიამ ხეები ისევ გაჩეხა, ისევ თბილისი-რუსთავის გზის მშენებლობისას. წინა საქმის მსგავსად, აქაც ახალი ხეების დარგვა დაავალეს.

სინოჰიდროს მიერ კანონის დარღვევის შემთხვევებში თუ საქმე არ მიეკუთვნებოდა სისხლის სამართლის კატეგორიას, მაშინ კომპანიას, მაქსიმუმ, 2000 ლარით აჯარიმებდნენ. ჯარიმებს კომპანიის საქმიანობაში არაფერი შეუცვლია.

გარემოსდამცველი დავით ჭიპაშვილი ამბობს, რომ ეს ჯარიმები მინიმალური და არაეფექტიანია, რადგან  მათი გადახდით კომპანიებს არაფერი აკლდებათ.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ნელი კორკოტაძეც ამბობს, რომ მოქმედი კანონმდებლობით კომპანიები სათანადოდ არ ჯარიმდებიან. ახლა მუშავდება ახალი კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც კომპანიას, რომელიც გარემოს ზიანს მიაყენებს, სხვა ვალდებულებები დაეკისრება. მაგალითად, დაჯარიმებული კომპანია დღეს ჯარიმას იხდის ბიუჯეტის ერთიან ანგარიშზე და მერე აღარ კონტროლდება მის მიერ გადახდილი თანხა იმ ზიანის აღდგენას ხმარდება თუ, მაგალითად, განათლების სისტემას ან ჯანდაცვის პროგრამებს. ამის ნაცვლად, ახალი კანონპროექტი კომპანიებს დაავალდებულებს უშუალოდ იმ ტერიტორიის აღდგენას, რომელიც მათი საქმიანობით დაზიანდა. ამ ცვლილებების თანახმად, სანქციებიც ბევრად უფრო მაღალი იქნება, ვიდრე დღეს გვაქვს.

მოქმედი კანონმდებლობა არ უზღუდავს გარემოსთვის ზიანისმიმყენებელ კომპანიებს ახალ ტენდერებში მონაწილეობას და მათ მოგებას. ჯარიმები, მიმდინარე თუ დასრულებული სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული საქმეები არ ითვლება შემაფერხებელ ფაქტორად, თუკი კომპანია ახალ ტენდერში სხვებზე ნაკლებ ფასს დაასახელებს.

“სინოჰიდროსთან” ამ თემებზე საუბარი გვინდოდა, მაგრამ მიუხედავად არაერთი მცდელობისა, მათ ეს არ ისურვეს.

 

წყარო