“არ ვაპირებთ 200 „ნაციონალს” დავუპირისპიროთ რაიმე კონტრაქცია”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წარმომადგენელმა ირაკლი კობახიძემ 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე, ე.წ. გავრილოვის ღამიდან ერთი წლის შემდეგ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

“მიჩვეული ვართ, რომ განსაკუთრებით ბოლო პერიოდის განმავლობაში ოპოზიცია და მისი ტელევიზიები “ფეიკნიუსს”ავრცელებენ და მერე თვითონ აკრიტიკებენ, რაც არის აბსურდი. ჩვენ არ ვაპირებთ 200 “ნაციონალს” დავუპირისპიროთ რაიმე კონტრაქცია, მათ უფლება აქვთ შეიკრიბონ. შეიკრიბებიან და ამით დასრულდება ეს ყველაფერი. ჩიხში არიან შესული და ჩაკარგული არიან საკუთარ ტყუილებში, არც ვიცი რა შედეგი უნდა მოყვეს ამ ყველაფერს. უბრალოდ გამჯდარი აქვთ სულში ტყუილი და კიდევ ერთხელ მოიტყუეს”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, საპროტესტო გამოსვლები თბილისში 2019 წლის 20 ივნისს დაიწყო. ფართომასშტაბიანი აქცია თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიის დროს რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სკამის დაკავებასა და საქართველოს პარლამენტში რუსულ ენაზე ასამბლეის სესიის ჩატარებას მოყვა.

საპროტესტო ტალღის შედეგად 21 ივნისს თანამდებობა დატოვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, ხოლო ასამბლეის საქართველოში ჩატარების ინიციატორმა, საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა მანდატზე უარი თქვა.