კულუარებში შეთანხმებების დრო უნდა დამთავრდეს, – ამის შესახებ იურისტმა ანა დოლიძემ 8 მარტის შეთანხმებაზე დაწყებულ პოლემიკასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც დოლიძე განმარტავს, „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებთან დაკავშირებით არამხოლოდ ქართველები, არამედ მსოფლიო მოატყუა.

„8 მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებით, მე და მოსახლეობის უმეტესობას, ზუსტად ის ინფორმაცია გვაქვს, რაც საჯაროდ არის ხელმისაწვდომი, ანუ ვიცით დოკუმენტი, რასაც მოეწერა ხელი და რაც წერია მასში. მე მომწონს ის და აუცილებლად უნდა შესრულდეს, მაგრამ რა შეთანხმება მოხდა კულუარებში, ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გვაქვს. მეც პროტესტი მაქვს, რადგან ვფიქრობ, კულუარებში შეთანხმებების დრო უნდა დამთავრდეს. ახლა, საქართველოს 4 მილიონნახევარი მოქალაქე ზის და მარჩიელობს თუ რაზე შეთანხმდნენ კულუარებში ჩუმად პოლიტიკური ძალები. მოკლედ, თვითონ ამ შეთანხმების ფორმა თავისთავად პრობლემურია. ხელისუფლებაში გვყავს ძალა, რომელმაც ერთხელ კი არა, ორჯერ მოატყუა მთელი მსოფლიო – ერთხელ, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით და ახალა პროპორციულ არჩევნებზე. „ქართული ოცნება“ არის ძალა, რომელსაც ნოტარიუსთან უნდა გააფორმებინო, სისხლით უნდა დააწერინო, მაგრამ ისიც არ უნდა დაუჯერო, იმიტომ, რომ ორჯერ მოგვატყუა უკვე ყველა. დასაშვებია, რომ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ “მატაობენ” შეთანხმებულად. როდესაც ჩვენს ქვეყანას აქვს უსერიოზულესი პრობლემები, ჩვენ ვართ შიმშილობის ზღვარზე, გლეხებს მართლაც, სასაცილო თანხები დაურიგეს, სოციალურად დაუცველებს ყოველდღე აგდებენ სიიდან, რომ დახმარება არ მისცენ, ამ პირობებში რას ვასმენინებთ და ვაყურებინებთ ხალხს. იმის ნაცვლად, რომ ყოველ დღე წურავდნენ ჩვენი სოფლის მეურნეობის მინისტრს, რამდენი მოსავალი გვექნება შემოდგომაზე, ეკონომიკის მინისტრს, თუ რა პერსპექტივა აქვს ჩვენს ეკონომიკას და ა.შ, ანუ რეალურ პრობლემებზე ლაპარაკის ნაცვლად, ამ გაწერილ ტექსტებს ვუყურებთ“, – განაცხადა დოლიძემ.

 

ის 8 მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებით ელჩების ჩართულობაზეც საუბრობს:

„ძალიან უხერხულად მიმაჩნია ელჩების ჩათრევა ჩვენს შიდა პოლიტიკურ სამზარეულოში. ორივე მხარე ელჩებს აყენებს უხერხულ მდგომარეობაში. გახსოვთ, 20 ივნისის საქმეზე ხელისუფლებამ დაიწყო ელჩების დამოწმება, თუ როდის შევიდნენ ელჩები შენობაში, დიდი ხანი იყვნენ თუ არა, ვინ დაპატიჟა იქ და ა.შ. ეს არის ელჩების დატვირთვა, ისინი არიან დიპლომატები, მათ მანდატი არ აძლევთ საშუალებას უფრო მეტი გააკეთონ. ამ ფონზე ნამდვილად მოუმწიფებლად გამოიყურება ჩვენი პოლიტიკური სპექტრი, რაც ჩვენი ქვეყნის იმიჯისთვის ძალიან ცუდია“, – აცხადებს დოლიძე.