ხელისუფლება სოფელ რუისში 10,000 კვადრატულ მეტრზე მეტ მიწის ფართობს რუსულ კომპანიას მიჰყიდის

ხელისუფლება სოფელ რუისში 10,000 კვადრატულ მეტრზე მეტ მიწის ფართობს რუსულ კომპანიას მიჰყიდის. საუბარია ფართობზე, რომელიც სოფლის სპორტული კომპლექსისთვის იყო განკუთვნილი. ცნობილია, რომ აღნიშნული მიწა ჯერ ეკონიმიკის სამინისტროს გადაეცემა, რის შემდეგაც მას კომპანია “ბიგ სერვისი” შეისყიდის.

საკითხის განხილვამ ქარელის საკრებულოში ხმაურის ფონზე ჩაიარა. ოპოზიციისა და ადგილობრივების წინააღმდეგობის მიუხედავად, ქარელის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურულმა კომისიამ აღნიშნული მიწის ეკონომიკის სამინისტროსთვის გადაცემის საკითხზე მსჯელობა დასაშვებად სცნო.

მერიამ და საკრებულომ მოიფიქრა ახალი ხერხი ამ მიწის მიტაცებისთვის და წერილი ახლავს, როგორც ესენი მეუბნებიან და ეკონომიკის სამინისტროს უნდა გადასცეს ეს მიწა უსასყიდლოდ. ჩვენთვის, ეკონომიკის სამინისტრო წაგვართმევს და მერე ვინმეს მიჰყიდის, თუ ნებისმიერი სხვა, ჩვენთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ ვაპროტესტებთ ამას და გავასაჩივრებთ კიდეც, სადამდეც გაგვიშვებს სამართლებრივი ფორმა, – ამბობს რუისის მცხოვრები, რომან კაკაშვილი.

სანამ ეკონონიკის სამინისტრო ქარელის მერიას ამ მიწის უსასყიდლოდ გადაცემას მოსთხოვდა, ქარელის მუნიციპალიტეტის მერიამ აუქციონის წესით 10 ათასი კვადრატული მიწის ფართობი 54 ათას ლარად რუსულ კომპანია “ბიგ სერვისზე” გაასხვისა.

მიწის გასხვისებაში პრობლემას ვერ ხედავენ ადგილობრივი მაღალჩინოსნები.

აუქციონი გამოაცხადა მუნიციპალიტეტმა. მე ვერ გეტყვით, ახლა ის რუსულმა კოპმანიამ იყიდა, თუ ამერიკულმა, თუ ქართულმა კომპანიამ იყიდა, ამას მე ვერ გეტყვით. აუქციონი არის თავისუფალი და იმასთან დაკავშირებით, რომ მუნიციპალიტეტს აკრძალვა გაეკეთებინა პირობაში, რომ რუსულ კომპანიაზე მე ამას არ გავასხვისებ, ეს ჩვენ უფლებამოსილებაში არ შედის, – აცხადებს ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი, ინგა ეკელაძე. 

2020-05-20T21:08:49+04:00მაისი 20th, 2020|