“ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი ბარამიძე ამბობს, რომ დიდუბეში ოპოზიციის ნაწილის საერთო კანდიდატ ზურაბ ჯაფარიძისთვის კონკურენტის დაყენების საკითხი პარტიაში ჯერ არ განხილულა.

როგორც მან “ნეტგაზეთს” უთხრა, თუ დიდუბეში კანდიდატის დაყენების საკითხი დადგება, მათი “ამომრჩევლის პოზიციებიდან გამომდინარე”, შემდეგ განიხილავენ და იმსჯელებენ.

“არაფერი არ განგვიხილავს და არ მგონია, რომ რამე შეიცვალოს. თუ ვინმე დააყენებს [დიდუბეში კანდიდატის დაყენების საკითხს] და ეს ალბათ, ცნობილი გახდება. ამგვარი საკითხი პარტიაში არავის არ დაუსვამს და შესაბამისად, არც განხილულა. ხვალ რა მოხდება, ვერ გეტყვით”, — განაცხადა მან.

რაც შეეხება პირადად მის პოზიციას, ბარამიძე ამბობს, რომ “ქართულ ოცნებას” ჯაფარიძე სიტყვით ებრძვის, თუმცა, რეალურად, მის კანდიდატს გამარჯვებისთვის “გზას უხსნის”.

“ჩვენი ფოკუსი არის ბიძინა ივანიშვილზე და გვაღელვებს ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ, რა თქმა უნდა, გვაღელვებს ამ ოლქში [დიდუბეში] ბიძინა ივანიშვილის დამარცხება, მისი კანდიდატის — საბჭოეთის იდეოლოგიის და ხანის განსახიერება ვოლსკის დამარცხება. ძალიან გვინდა, რომ ის დამარცხდეს, მაგრამ როგორც ზურაბ ჯაფარიძე იქცევა, ეს ამას ხელს უშლის. იმიტომ, რომ თუ ის დაიწყებს ლაპარაკს, რომ არ მაინტერესებს ენმ-ს მხარდამჭერთა ხმებიო, ეს გარანტირებულად დამარცხებას ნიშნავს. სიტყვით კი ებრძვის, მაგრამ რეალურად გზას უხსნის “ოცნების” კანდიდატს გასამარჯვებლად და ეს, რა თქმა უნდა, გვაწუხებს”, – უთხრა გიორგი ბარამიძემ ნეტგაზეთს.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, დიდუბის ოლქთან დაკავშირებით, სადაც ოპოზიციის ნაწილის მაჟორიტარობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძეა, პარტიაში იმსჯელებენ. ამის შესახებ მან ტვ “პირველის” ეთერში ისაუბრა. სამადაშვილის თქმით, ზურაბ ჯაფარიძე საკუთარი პოლიტიკური სტრატეგიით “ფაქტიურად აკეთებს საკუთარ ფეხში გასროლას”, რითაც ის საერთო ოპოზიციურ ინტერესს აზიანებს.

როგორც ცნობილია, 23 სექტემბერს ტვ “პირველის:” ეთერში “გირჩის” ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ სტუდიაში მყოფ სამადაშვილს უთხრა, რომ მისთვის სიმართლე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე “მათი [ენმ-ს მხარდამჭრების] ხმები”.

წყარო