„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გამოქვეყნებული დასკვნა არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ქვეყანასი არსებობს პოლიტიკური დევნა. ხელისუფლების მხრიდან ეს თამაში უკვე ძალიან სახიფათოა მათთვისაც და ქართული საზოგადოებისთვისაც, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო რატიანმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ საერთაშორისო ექსპერტის დასკვნას მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან არის საკმაოდ მწვავე შეფასებები, ხელისუფლება „ამ დაქოქილ მანქანას არ აჩერებს“.

„ეს არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ არსებობს პოლიტიკური დევნა და სურვილი იმისა, რომ უფრო მეტი პოლიტიკური პატიმარი გვყავდეს. ხელისუფლების მხრიდან ეს თამაში უკვე ძალიან სახიფათოა მათთვისაც და ქართული საზოგადოებისთვისაც. უკვე პირდაპირ საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოს ჰყავს პოლიტიკური პატიმრები. ეს ძალიან მძიმე შეფასებაა და ამას ექნება თავისი შედეგები. სამწუხაროდ, ეს შედეგები იქნება ქართული სახელმწიფოსათვის და დღესაც იყო საუბარი იმაზე, რომ შესაძლებელია, ძალიან დიდი დახმარებები აღარ იყოს.

მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისი საზოგადოებიდან არის საკმაოდ მწვავე შეფასება, ხელისუფლება ამ დაქოქილ მანქანას არ აჩერებს. ივანიშვილის შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ, რომ ის პირდაპირ ნადირობს პოლიტიკურ ოპონენტებსა და პოლიტიკურ ლიდერებზე. მოულოდნელი იყო, რომ გიგი უგულავას დააკავებდნენ, მაგრამ გაბედეს და იკადრეს. ვფიქრობ ახლა უფრო რთული იქნება ამის გაკეთება, მაგრამ ივანიშვილისგან ყველაფერია მოსალოდნელი“, – განაცხადა რატიანმა.

შეგახსენებთ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე საერთაშორისო ექსპერტის მიერ მომზადებულ დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ არ არსებობს რაიმე საფუძველი იმის დასამტკიცებლად, რომ მამუკა ხაზარაძემ, ბადრი ჯაფარიძემ ან ავთანდილ წერეთელმა, ინდივიდუალურად ან ჯგუფურად, ფულის გათეთრების დანაშაული ჩაიდინეს.