„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომ იუსტიციის სახლები თავის წარმატებულ პროექტად მიაჩნია, „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გია ბარამიძე გამოეხმაურნენ.

„ძალიან უნდა ეცადო, რომ იუსტიციის სახლებზე ილაპარაკო და ეს კაცი [ზურაბ ადეიშვილი] გადაკვრითაც არ ახსენო. მაგრამ, არხსენებას ვინ დაეძებს, მთლად საკუთარ იდეად გამოაცხადა გიორგი ვაშაძემ და არაა კარგი დასაწყისი დამოუკიდებელი პოლიტიკური ცურვისთვის.

არც შენი იდეაა და, მეტიც, არც შენი განხორციელება (ნუ რაღაც ნაწილში, კი ბატონო. მაგრამ ეგეთი „ნაწილი“ მანდ მინიმუმ 5 კაცს ჰქონდა)“, – დაწერა გვარამიამ.

რაც შეეხება გია ბარამიძეს, ამბობს, რომ „ისტორიის ასე თავხედურად გაყალბება გიორგი ვაშაძეს არ უნდა შერჩეს“.

„აბა, აი შუბლის ძარღვი სულ არ უნდა გქონდეს კაცს, რომ ასე „ნაგლად“ მიიწერო შენი უფროსის (მინისტრის) გაკეთებული საქმე, როცა პატივი გქონდა ამ პროექტის კურატორი და არა ავტორი და სულის ჩამდგმელი ყოფილიყავი.

ამის ისევ (სულ მეგონა მაინც იტყოდა სადმე) გატარება არაფრით შეიძლება, რადგან ისტორიის ასე თავხედურად გაყალბება არავის უნდა შერჩეს.

გინდაც ჩვენი კოლეგა და პარტნიორი იყოს“, – წერს ბარამიძე.

წყარო