„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI-ს) ახალი კვლევის თანახმად, ინსტიტუციების რეიტინგში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო კვლავ მეორე ადგილს იკავებს და მას მხოლოდ საქართველოს არმია უსწრებს.

კითხვა, რომლითაც აღნიშნული რეიტინგი დგება, შემდეგნაირად იყო ფორმულირებული: „ჩამოგითვლით რამდენიმე ინსტიტუციისა და ორგანიზაციის სახელს. გთხოვთ, გვითხრათ თქვენი მოსაზრება, როგორ აფასებთ მათ მუშაობას“.

ყველაზე დადებითად (89%) გამოკითხულები ქართული ჯარის საქმიანობას აფასებენ. ჯარს მოსდევს საპატრიარქო (85%), მედია (71%), იუსტიციის სახლი (65%) და პოლიცია (62%).

ინსტიტუციების IRI-ისეულ რეიტინგში ეკლესიამ პირველი ადგილი 2019 წლის კვლევებში დაკარგა. მანამდე სწორედ საპატრიარქოს საქმიანობას აფასებდნენ ყველაზე დადებითად.

ახალი კვლევით, სრული სურათი ასეთია:

IRI-მ 12 აგვისტოს გამოაქვეყნა საზოგადოებრივი აზრის ახალი კვლევის შედეგები. კვლევა 2020 წლის 4 ივნისიდან 3 ივლისამდე პერიოდშია ჩატარებული, საველე სამუშაოების ავტორი კი „აიფიემია“.

მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს.

მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 66%-ია. კვლევა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ჩატარდა.