“პანდემიის გამო დაუძლურებულ ეკონომიკას ლარის კურსი და ინფლაცია სერიოზულ პრობლემას უქმნის, საიდანაც გამოსვლის რეალური გეგმა ქვეყანას არ გააჩნია. ვხედავთ, რომ ვერც ინფლაციის მოთოკვა და ვერც კურსის დაჭერა ხერხდება. ასეთ პირობებში ქვეყნის ეკონომიკას განვითარება არ უწერია. ხალხი და ბიზნესიც კი გაკოტრებისთვის არის განწირული. “რეზონანსი” ექსპერტებთან ერთად შეეცადა გარკვევას, რა უნდა გაკეთდეს მოკლე ვადაში ინფლაციისა და დევალვაციის მოსათოკად. ისინი ითხოვენ, რომ სასწრაფოდ რამე გეგმა შემუშავდეს და ნაბიჯების გადადგმა დაიწყოს, რადგან თუკი მთავრობა დროულად ვერ ნახავს გამოსავალს, წლის ბოლოს კატასტროფა გველის”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ინფლაცია და დევალვაცია წელს ქვეყანასაც და მის მოსახლეობასაც “დაახრჩობს” / “არაფერი გამოვა, თუ ეროვნული ბანკი ფულის ბეჭდვის პროცესს არ შეაჩერებს”.

“წლიურმა ინფლაციის განაკვეთმა მარტში მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს 2.4-ჯერ გადააჭარბა და 7.2%-ს მიაღწია. ლარის ვარდნის პირობებში უახლოეს მომავალში ფასების კიდევ უფრო მეტად ზრდაა მოსალოდნელი. მართალია გასულ წელს ეროვნული ვალუტა უფრო სწრაფად გაუფასურდა, მაგრამ ის ნაწილობრივ ნავთობზე ფასების 70%-იანმა შემცირებამ დააკომპენსირა, წელს ნავთობი 22 დოლარის ნაცვლად, 65 დოლარი ღირს, ლარის კურსი კი 3.40-ს აჭარბებს. როგორც “კომერსანტი” წერს, ფასების მკვეთრი ზრდა ენერგორესურსებზე იანვრიდან დაიწყო. ფიზიკური პირებისთვის ელექტროენერგია 18-24 პროცენტით გაძვირდა. კომერციული მომხმარებლებისთვის 55-70 პროცენტით. წყალი შესაბამისად 16 და 48 პროცენტით. დამატებით 28%-ით გაუძვირდათ ბუნებრივი გაზი კომერიულ მომხმარებლებს. იმის გამო, რომ ბიუჯეტი 4 თვის განმავლობაში ფიზიკურ პირებს კომუნალურ გადასახადებს უფარავდა, “საქსტატმა” გაძვირება გაიაფებად შერაცხა, რამაც შექმა იმის ილუზია, რომ თითქოს იანვარ-თებერვალში ინფლაციის განაკვეთი 2.8 და 3.6 პროცენტს შეადგენდა. უწყებამ სპეციალური განმარტებაც გაავრცელა და მეთოდოლოგია იმით ახსნა, რომ მოქალაქეებს საფასურის გადახდა საკუთარი ჯიბიდან არ უწევდათ, თუმცა არაფერი უთქვამს იმის შესახებ, რატომ შეცვალა მეთოდოლოგია დეკემბრიდან, მაშინ როცა სუბსიდირების პროგრამა ნოემბრიდან დაიწყო და ზუსტად ისეთივე პროგრამა 2020 წლის მარტიდან მაისის ჩათვლითაც მოქმედებდა”, – აღნიშნავს გამოცემა.

“ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი აღნიშნავს, რომ ინფლაცია და კურსის გაუფასურება 2 სხვადასხვა პრობლემაა. მაგალითად, ფული თუ უფასურდება, არ ნიშნავს აუცილებლად, რომ ინფლაციაში გადაიზრდება და პირიქით. ბოლო წლებია, ეროვნული ბანკი ძალიან მაღალი ტემპით ბეჭდავს ფულს. ფულის მასის აგრეგატები უფრო და უფრო იზრდება და ეს არის ინფლაციის ერთ-ერთი მიზეზი. რაც შეეხება ლარის გაუფასურებას, პირდაპირ უკავშირდება დოლარის შემოდინება-გადინების პროცესს, რა მხრივაც რთული მდგომარეობაა”, – განაგრძობს გამოცემა.

“მთავარი პრობლემაა, რომ დოლარი არ შემოდის ქვეყანაში. სებ-ზე მეტად ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, რომელიც მაქსიმალურად უნდა ქმნიდეს ისეთ ეკონომიკურ გარემოს, რომ მეტი მყარი ვალუტა შემოდიოდეს. ქვეყნის ცენტრალური ბანკის პრობლემაა ფულის მასის ზრდა, რომელიც ინფლაციის მასტიმულირებელია. მთავრობაც და ეროვნულ ბანკიც უშვებენ შეცდომებს, სწორედ მათ ეკისრება პასუხიმგებლობა შექმნილი სიტუაციის გამო. ეკონომიკას დიდ პრობლემას უქმნის ბიუროკრატიული ხარჯი, რომელიც საქართველოს შემთხვევაში უპრეცენდენტოდ მაღალია. თუ გვინდა, რომ ეკონომიკა ჩიხიდან გამოვიდეს, რეგულაციები უნდა მოიხსნას. ამ ყველაფერთან ერთად მნიშვნელოვანია პოლიტიკური სტაბილურობა. ხელისუფლების მხრიდან პრინციპულად არაფრის დათმობა არ ხდება, რაც მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს. მინიშნებაც კი არ არის, რომ ფისკალური პოლიტიკა გადაიხედება. არც რეგულაციების მოხსნას აპირებს. არაფერი გამოვა, თუ ეროვნული ბანკი ფულის ბეჭდვის პროცესს არ შეაჩერებს”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზვიად ხორგუაშვილი.

აღსანიშნავია, რომ ინფლაციის და კურსის არასტაბილურობის მხრივ საქართველოს პოზიციები რეგიონში საკმაოდ არასახარბიელოა. უმუშევრობის მაჩვენებლების მიხედვით, რეგიონში სწორედ საქართველო ლიდერობს, ხოლო წლიური ინფლაციის დონით მეორე ადგილზეა. ამის შესახებ ეკონიმიკურ მეცნიერებათა დოქტორმა ნიკა შენგელიამ განაცხადა. პანდემიის გამოცხადებიდან 1 წლის თავზე მან რეგიონის ეკონომიკა მიმოიხილა”, – დასძენს გამოცემა.

“აზერბაიჯანში, 2021 წლის თებერვლის მონაცემებით, წლიურმა ინფლაციამ 3,7% შეადგინა, სამომხმარებლო ინფლაცია 4,9%-ია, უმუშევრობის დონე 5%-ის ფარგლებშია და ქვეყანაში მოქმედებს 6,25%-იანი საპროცენტო განაკვეთი. სომხეთში, 2021 წლის თებერვლის მონაცემებით, წლიურმა ინფლაციამ შეადგინა 5,3%, სამომხმარებლო ინფლაციამ – 7,8%, საბაზო ინფლაცია, 2021 წლის იანვრის მონაცემებით, 4,7%-ია უმუშევრობის დონე (2020 წლის მე 3 კვარტლის) მონაცემებით, 18.1%. ქვეყანაში მოქმედებს 5,5%-იანი საპროცენტო განაკვეთი. რუსეთში, 2021 წლის თებერვლის მონაცემებით, წლიურმა ინფლაციის დონემ 5,67% შეადგინა, სამომხმარებლო ინფლაცია – 7,62%-ია, საბაზო ინფლაცია კი – 5,04%, უმუშევრობამ 5,7% შეადგინა, ქვეყანაში მოქმედებს 4,5%-იანი საპროცენტო განაკვეთი. თურქეთში, 2021 წლის თებერვლის მონაცემებით, წლიურმა ინფლაციის დონემ 15,67% შეადგინა, საბაზო ინფლაცია – 16,21%-ია, ხოლო სამომხმარებლო ინფლაცია 18,4% -ს შეადგენს. 2021 წლის იანვრის მონაცემებით უმუშევრობა, 12,2%-მდეა გაზრდილი და ქვეყანაში ამ დროისათვის მოქმედებს 19%-იანი საპროცენტო განაკვეთი”, – განმარტავს გამოცემასთან საუბრისას ნიკა შენგელია.

“ინფლაცია საქართველოში კიდევ გაიზრდება და არანაირი პირობა არ არსებობს, რომ იგი მიზნობრივ მაჩვენებელს მიუახლოვდება. ,მაღალი ინფლაცია გამოიწვევს იმას, რომ რეფინანსირების განაკვეთის ზრდა გვექნება. ველოდები, რომ მონეტარული პოლიტიკა 9,5%-მდეც გამკაცრდეს. ეს, ცხადია, კიდევ უფრო გაუძვირებს სესხს ბიზნესს და გარკვეულწილად იმოქმედებს ფასებზე. მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება მოსახლეობა, რადგან გაჭირვებულ ხალხს კიდევ უფრო გაუჭირდება პროდუქტის ყიდვა. კარგი იქნებოდა, ეროვნულ ბანკს ინტერვენციები უფრო ადრე და მეტი მოცულობებით განეხორციელებინა. ახლა კურსიც და ინფლაციაც შორს წავიდა, რაზეც ფსიქოლოგიური ფაქტორიც მოქმედებს. ეროვნული ბანკი ინტერვენციას ყოველთვის აგვიანებს, არადა იცის, რომ მაინც მოუწევს, საბოლოოდ დიდი მოცულობით რეზერვების ხარჯვა, თანაც დაცემულ კურსს ამით დიდად ვერ უშველის. სებ-ის უშუალო ვალდებულებაა ფასების სტაბილურობა და ვხედავთ, რომ გვაქვს კატასტროფული გაძვირებაა”, – დაასკვნის შენგელია.

“საქსტატის” დაანგარიშებით, მარტში წყალმომარაგებაზე ფასები – 58%-ით, ელექტროენერგიასა და ბუნებრივ აირზე კი 51%-ით გაიზარდა, რამაც თვის 4.2%-იან ინფლაციაში 2.97 პროცენტული პუნქტით ჰპოვა ასახვა. მარტიდან მართალია ბიუჯეტი მოსახლეობას კომუნალურ გადასახადებს მთლიანად აღარ უხდის, მაგრამ უფარავს გაძვირებულ სხვაობას. სტატისტიკის ეროვნული სამსახური ამჟამადაც ფიქრობს, რომ ფასნამატის სუბსიდირების გამო გაძვირება ინფლაციაში შესატანი არ უნდა იყოს”, – წერს სტატიის ავტორი.

 

 

interpressnews.ge