ინგლისის საფეხბურთო პირველობის ტოპ-დივიზიონის — პრემიერ-ლიგის ფეხბურთელებს მაისურზე უკან, გვარების ნაცვლად Black Lives Matter ეწერებათ, იუწყება BBC.

ლოზუნგი Black Lives Matter (შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია) განსაკუთრებით გამოყენებადი გახდა 25 მაისს აშშ-ში მომხდარი შემთხვევის შემდეგ, როცა პოლიციელმა აფროამეარიკელი მოქალაქის, ჯორჯ ფლოიდის დაკავებისას მას ყელზე მუხლი დააჭირა, რის შედეგადაც, აუტოფსიის თანახმად, ფლოიდი გარდაიცვალა. ამის შემდეგ, აშშ-ში უკვე 3 კვირაა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

BBC-ის ცნობით, ლოზუნგი ფეხბურთელების გვარების ნაცვლად სეზონის დარჩენილი ნაწილის — 12 შეხვედრის განმავლობაში იქნება.

გარდა ამისა, ფეხბურთელებმა გამოაქვეყნეს განცხადება: „ჩვენ, მოთამაშეები, ერთად ვდგავართ საერთო მიზნისთვის — რასობრივი წინასწარგანწყობების აღმოფხვრისთვის“. ფეხბურთელების თქმით, ემხრობიან „ინკლუზიის, პატივისცემის და ყველასთვის თანასწორი შესაძლებლობების სამყაროს, მიუხედავად მათი კანის ფერისა“.