იმედი მქონდა ხელისუფლება კრიმინალებს დასჯიდა, პირიქით, მე დამაკავეს – ლაშა ქველაძე

ბოლნისის სასამართლომ ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ოპოზიციის მხარდამჭერებს აღკვეთი ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საოლქო კომისიის წევრს, ლაშა ქველაძეს და მხარდამჭერ არიფ იუსუფოვს 3 000 და 4 000-ლარიანი გირაო შეეფარდათ.

4 000-ლარიანი გირაოთი განთავისუფლდნენ ძალადობის ბრალდებით დაკავებული “ოცნების” აქტივისტებიც.

იმედი მქონდა ხელისუფლება მიიღებდა ზომებს და იმ კრიმინალებს დასჯიდა და პირიქით, მე დამაკავეს. გამომძიებელმა დამირეკა ტელეფონით, მითხრა მოდი, დაზარალებულად უნდა გცნოთო. მივედი და ბორკილები დამადეს. ამირან გიორგაძეს, რომელსაც მფარველობს კახი კალაძე და ეს მთელმა მარნეულმა იცის პირველ რიგში ისაა დასაკავებელი, ის იყო ბრძანების გამცემიც და მონაწილეც, – ამბობს ლაშა ქველაძე.

არიფ იუსუფოვის თქმით, დაპირისპირება გოჩა მეშველიანის ბრალია და ის ჯერ დაკითხულიც კი არაა.

შეგახსენებთ, მარნეულში 29 სექტემბერს “ქართული ოცნების” აქტივისტები თავს დაესხნენ “მთავარი არხის” 4 თანამშრომელსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღებ ჯგუფს. “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბთან სცემეს ოპოზიციონერები – ენმ-ს საარჩევნო შტაბის წევრები.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ლაშა ქველაძე პოლიციამ გუშინ, 4 ოქტომბერს დააკავა. ის პოლიციაში გამოკითხავზე დაიბარეს და მოულოდნელად დააკავეს.

3 ოქტომბერს პოლიცია არიფ იუსუპოვის სახლთან მივიდა და მის დაკავებას შეეცადა, თუმცა მეზობლებისა და იუსუპოვის ოჯახის წევრების წინააღმდეგობის გამო ის ვერ დააკავეს. საბოლოოდ ის პოლიციას თავად ჩაბარდა.

ამავე საქმეებზე პოლიციამ “ქართული ოცნების” ორი წარმომადგენელი, გიორგი შუბითიძე  და გიორგი ჯალაღონია 4 ოქტომბერს დააკავა.

2020-10-05T18:54:34+04:00ოქტომბერი 5th, 2020|