ჰონგ-კონგში გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციამ ათობით დემონსტრანტი დააკავა

ჰონგ-კონგში გამართულ მორიგ საპროტესტო აქციაზე პოლიციამ ათობით ადამიანი დააკავა. მანამდე უსაფრთხოების ახალი კანონის გასაპროტესტებლად მშვიდობიან მსვლელობაზე ასობით ადამიანი შეიკრიბა.

მიუხედავად იმისა, რომ „მდუმარე აქცია“ იყო დაგეგმილი, გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის მისამართით მაინც ისმოდა სხვადასხვა შეძახილები, შემდგომ კი აქციაზე ჩხუბი ატყდა, რა დროსაც პოლიციამ დემონსტრანტების ნაწილის დასამორჩილებლად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

„როიტერის“ ინფორმაციით, ჰონგ-კონგის პოლიციამ „ფეისბუქის“ საშუალებით განაცხადა, რომ 53 ადამიანი დააკავეს და ბრალი წაუყენეს. მათივე ცნობით, მანამდე პროტესტის მონაწილეებმა ქუჩების გადაკეტვა სცადეს.

შეგახსენებთ, 28 მაისს ჩინეთის პარლამენტმა ჰონგ-კონგისთვის გათვალისწინებული უსაფრთხოების ახალი კანონი დაამტკიცა. კანონმდებლობის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ უსაფრთხოების ახალი კანონი, სავარაუდოდ, ჰონგ-კონგის უნიკალური სტატუსის დასასრულს მოასწავებს.

2020-06-29T01:35:42+04:00ივნისი 29th, 2020|მსოფლიო|