“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ ვაშაძე ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის დაგეგმვასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

ოპოზიციონერი ლიდერი ამბობს, რომ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია მაქსიმალურად სწრაფ დროში უნდა გასაჯაროვდეს.

“მოვითხოვთ მაქსიმალურად სწრაფად დეტალურად გასაჯაროვდეს ამ დანაშაულთან დაკავშირებული ინფორმაცია. საჯაროობა აუცილებელია იმიტომ რომ მოქალაქის ნდობა დღევანდელი ხელისუფლების მიმართ არის ნოლზე დასული. ზუსტად უნდა დადგინდეს არამარტო ამ დანაშაულის შემსრულებელი, არამედ ამ დანაშაულის ორგანიზატორები და დამკვეთები”, – აღნიშნა ვაშაძემ.

ცნობისთვის, “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ინფორმაციით, რამზან კადიროვის დაკვეთით საქართველოში გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია იგეგმებოდა.