გიორგი თარგამაძის გადაცემა “დროება” ტელე ეკრანებს უბრუნდება.

„ქვეყანაში არსებული კარანტინის და დაძაბულობის ფონზე, ერთი კარგი ამბავი ნამდვილად გვაქვს, რომ ჩვენ არ გადავდეთ „დროების“ ეთერში გასვლა და ვგეგმავთ, რომ უკვე ამ კვირას, 26 აპრილს, 20:00 საათზე, „ფორმულას“ ეთერში დროების პირველი გამოშვება გავიდეს. ამპლიტუდა თემების არის ვრცელი.

ვისაც ახსოვს ძველი „დროების“ მიერ მოცული თემები, მას უფრო ნათლად შეუძლია წარმოიდგინოს. „დროება“ მთელი ოჯახისათვის, ოჯახის სხვადასხვა თაობისთვის ერთად საყურებელ გადაცემად იქნება წარმოდგენილი.

ეს ეხება როგორც ფორმატს, ასევე თემების მრავალფეროვნებას, სათქმელის მიტანის ენას და იმ ვიზუალურ და ესთეტიურ სპეციფიკას, რომელიც დროთა განმავლობაში გამოსარჩევი და დასამახსოვრებელი იქნება ტელემაყურებლისთვის.

ამ შედეგის მიღწევა 3 და 4 გადაცემის მეშვეობით შეუძლებელი იქნება, მაგრამ ადამიანები, რომლებიც ვმუშაობთ “დროებაზე”, გამოცდილებაც გვაქვს და კარგადაც გვესმის, რომ სერიოზული მიზნების მიღწევა მხოლოდ სერიოზული ძალისხმევით და მოთმინებით შეიძლება.

ასე რომ თანამედროვე „დროება“ ამ თვალსაზრისით იქნება გაგრძელება იმ ჟანრობრივი სპეციფიკისა, რომელიც მან შემოიტანა ქართულ ტელესივრცეში საკმაოდ დიდი ხნის წინ.

ეს ამავდროულად არის გამოწვევა, რომ ახალგაზრდა მაყურებელსაც გავუჩინოთ ინტერესი ამ გადაცემის ყურების“, – განაცხადა თარგამაძემ.