გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული მორაგბის ადვოკატები არაგვის ხიდთან საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩასატარებლად ემზადებიან

მცხეთაში, არაგვის ხიდთან გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული მორაგბის, არჩილ გაგნიძის ადვოკატები საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩასატარებლად ემზადებიან.

დამოუკიდებელ საგამოძიებო მოქმედებებში ადვოკატების გარდა მონაწილეობას მიიღებს რამდენიმე პირი, რომლებიც ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, ექსპერიმენტში საკუთარი სურვილით იღებენ მონაწილეობას და საქმის ფიგურანტები არ არიან.

კობაიძის თქმით, ექსპერიმენტის ერთი ნაწილი ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის ჩვენებას მიეძღვნება, მეორე კი – ე.წ. ფერად სახლთან განვითარებულ მოვლენებს.

“პირველ რიგში ჩავატარებთ საგამოძიებო ექსპერიმენტს, რომელიც მიეძღვნება ბრეგვაძის ჩვენებას. მეორე შემთხვევაში ჩავატარებთ ექსპერიმენტს, რომელიც მიეძღვნება „ფერად სახლს“ და „ფერად სახლთან“ განვითარებულ მოვლენებს, ბატონ ამირხანაშვილს. ვეცდებით დროში გადავამოწმოთ, რამდენად რეალურია ეს ყველაფერი. ძალიან დიდი დაშორებაა მწვანე სახლს, სადაც ბრეგვაძე იმალებოდა და ამ ტერიტორიას შორის. დაახლოებით ნახევარი კილომეტრია დაშორება, თუმცა ბატონ ბრეგვაძეს ამოჩემებული აქვს, რომ ყველაფერს ხედავდა და ფლობდა, ყველაფერს აკონტროლებდა. მოვიყვანთ გარეშე პირებს და მათი მეშვეობით რეალურ სურათს ავსახავთ, რამდენად რეალურია, რომ ნახევარ კილომეტრში შეგიძლია დაინახო ჯერ დღე და შემდეგ მითუმეტეს სიბნელეში და პლუს ამას, გაარჩიო პიროვნებები. გადავამოწმებთ და ამას ოფიციალურ სახეს მივცემთ. ექსპერიმენტში მონაწილე პირებს არანაირი შემხებლობა არ აქვთ, სხვადასხვა პირები არიან, რომლებიც ჩვენი თხოვნით არიან მოწვეულები. არანაირი ინტერესი არ აქვთ”,- განაცხადა კობაიძემ.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია 17 პირი, მათგან 6 არასრულწლოვანია.

პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე „ტოიოტა ქამრის“ მგზავრების – 5 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისთვის დაიწყო, რაც განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს. აღნიშნულ საქმეზე ბრალი ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არასრულწლოვნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს დაუმძიმდათ.

2020-08-19T00:25:50+04:00აგვისტო 19th, 2020|