გიგა ბოკერია გიორგი რურუას განცხადებაზე – ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა, ეს არის პრინციპის საკითხი

ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა, ეს არის პრინციპის საკითხი , – ასე ეხმაურება “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია ბრალდებულ გიორგი რურუას განცხადებას, რომელიც მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობა აუცილებელია.

ბოკერიას თქმით, არავინ უნდა იჯდეს ციხეში იმიტომ, რომ “ივანიშვილმა ასე გადაწყვიტა” და არ უნდა იყოს შერჩევითი სამართალი, როცა რურუას გირაოთი გამოშვებაზე უარს ეუბნებიან და იგივე საქმეზე სხვებს გირაოთი უშვებენ.

“ამ ტიპის პოზიციის დაკავება გიორგი რურუას მხრიდან არის კიდევ ერთი ღირსეული ნაბიჯი, მაგრამ ჩვენთვის ეს არ არის პერსონალური საკითხი, ეს არ ესმის ივანიშვილსა და მისი „კლოუნების“ გარემოცვას, ეს არის პრინციპის საკითხი, რომ არავინ არ შეიძლება იჯდეს ციხეში, არ აქვს მნიშვნელობა ეს მე ვარ, უგულავა, ოქრუაშვილი, ხაზარაძე თუ რურუა იმიტომ, რომ ივანიშვილმა გადაწყვიტა და საჯაროდ გვითხრა, რომ ახლა დაგსჯი, ანუ მთავრობის გადაწყვეტილებით, კანონის უზენაესობას გამორიცხავს. არავინ არ უნდა იჯდეს იარაღის ჩადებით, არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს შერჩევითი სამართალი, რომ სხვებს ვუშვებ გირაოთი იგივენაირ საქმეებზე და ამას ვტოვებ პოლიტიკური მოტივებით ციხეში და რაც მთავარია, არ მოსულა შეთანხმება რომ მოხდება, მერე თქმა, რომ მე ამ ნაწილში გადაგაგდე, არ მოსულა. უნდა ისწავლოს ივანიშვილმა ჭკუა, თავისი ხელით გაიტანოს ახლა ის საკონსტიტუციო ცვლილებები, რაც არ უნდოდა და მერე იზეიმოს, თუ უნდა; სასაცილოა, რომ ზეიმობს იმას, რაც არ უნდოდა, რომ ექნა და გამოუშვას რურუა ციხიდან. ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა, ჩვენ პირველ მოსმენაში მივიღეთ მონაწილეობა იმისთვის, რომ გადაგვეზღვია რისკები. ჯობია, გონს მოვიდეს ივანიშვილი, საკონსტიტუციოს ამბავი დავამთავროთ, რურუაც გამოუშვას, რომ ვითარება დამშვიდდეს”, – განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, „მთავარი არხის“ ერთ-ერთმა მეწილემ, ბრალდებულმა გიორგი რურუამ დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც ის აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობა აუცილებელია.

 

წყარო

2020-06-25T01:33:30+04:00ივნისი 25th, 2020|