გერმანიაში არსებული  Freiheitsfonds-ის ინიციატივა იტყობინება, რომ უბილეთო მგზავრობისთვის დაპატიმრებული 86 ადამიანი გაათავისუფლეს. ფაქტია, რომ გერმანიაში  1935 წლიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტით უბილეთოდ მგზავრობა სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება, რაც  თავისუფლების აღკვეთით ისჯება. ექსპერტების შეფასებით, გერმანიაში მგზავრების დაახლოებით 3,5%  ბილეთის გარეშე გადაადგილდება. ასობით ადამიანი იხდის სასჯელს 265-ა მუხლით. გერმანიაში შეგიძლიათ გადაიხადოთ ჯარიმები სხვა ადამიანებისთვის და გამოისყიდოთ ისინი ციხიდან, რასაც აკეთებს ორგანიზაცია Freiheitsfonds-ი. აქტივისტები აგროვებენ შემოწირულობებს და იყენებენ მათ ჯარიმების გადასახდელად.

პოლიტიკოსები ტრადიციულად უარყოფენ წინადადებებს უბილეთოდ მგზავრობის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კატეგორიაში გადაყვანისა და ამით ციხის საფრთხის მოხსნის შესახებ.  გასულ წელს იუსტიციის ფედერალურმა მინისტრმა მარკო ბუშმანმა ბილეთის გარეშე მგზავრობის დეკრიმინალიზაცია გამოაცხადა. თუმცა, ჯერ კიდევ არ არის მიღებული კანონპროექტი.

კიოლნმა, დიუსელდორფმა, ბრემენმა, კარლსრუემ, ჰალემ და ზოგიერთმა სხვა ქალაქმა გადაწყვიტეს არ დასდევნებოდნენ უბილეთო მგზავრებს. ხოლო Freiheitsfonds-ის აქტივისტები ფედერალური მასშტაბით მოგზაურობის დეკრიმინალიზაციას ითხოვენ.

თავისუფლების ფონდის მიერ მოძიებული ადამიანები სასჯელს იხდიდნენ ბადენ-ვიურტემბერგის, ბავარიის, ბერლინის, ჰამბურგის, ჰესეს, ქვემო საქსონიის, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის, რაინლანდ-პფალციის, საქსონიის, საქსონია-ანჰალტის და ტურინგიის ციხეებში. მაქსიმალური სასჯელი კი 618 დღიანი პატიმრობა გახლდათ.