24 მარტის მონაცემებით, გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე წასვლის სურვილი უკვე საქართველოს 100 000-მდე მოქალაქემ გამოთქვა. მათგან ყველა ელოდება დასაქმების სააგენტოდან ზარს, თუმცა ზოგს უკვე დაურეკეს.

ნანა ჩოხატაურიდანაა. დასაქმების სააგენტოს პორტალზე ის 20 თებერვალს დარეგისტრირდა. მას და კიდევ 30 მოქალაქეს – ისინიც ჩოხატაურის მცხოვრებლები არიან – ერთ დღეს დაურეკეს და საინფორმაციო შეხვედრაზე დაიბარეს.

„რიგითობის მიხედვით, სამოცი ათასზე ზევით ვიყავი. დარეგისტრირებიდან 2 კვირაში დამირეკეს. მითხრეს, გადახვედით მეორე ეტაპზეო. ორი ახალგაზრდა მამაკაცი გვესაუბრებოდა, პირობები გაგვაცნეს – საათში ანაზღაურება ცხრა-ნახევარი ევრო და 9-საათიანი სამუშაო გრაფიკი გვექნება. კვირაში ერთი დღე დასვენება”, – ჰყვება ნანა გასაუბრების დეტალებს. აპლიკაციაში მითითებული ინფორმაციის სანდოობის გადამოწმების შემდეგ ჯერი უკვე გერმანელ ფერმერზეა. საბოლოოდ მაინც დამსაქმებელი წყვეტს სამუშაოს მაძიებლის ბედს.

გურიის სამივე მუნიციპალიტეტიდან ჯგუფურ კონსულტაციებზე, ნანას მსგავსად, საიტზე დარეგისტრირებულებიდან 470 ადამიანი მიიწვიეს, მათი 60 % მივიდა.

თუკი ნანას ფერმერისგან დადებითი პასუხი მოუვა, შტუტგარტში იმუშავებს. ტრენინგზე საცხოვრებელი პირობებიც გააცნეს. უთხრეს, რომ ტექნიკით აღჭურვილი სამზარეულო, ტელევიზორი, სარეცხი მანქანა, საწოლები თავისი თეთრეულით და საწვიმარი ტანსაცმელი ადგილზე დახვდებათ. ერთ ოთახში 3 ადამიანთან ერთად იცხოვრებს.

ნანამ ვაკანსია მარწყვის მკრეფავის პოზიციაზე შეიტანა. „როცა მარწყვის კრეფა დამთავრდება, მერე ბოსტნეულის დაფასოებაზე ვიმუშავებ. ასე ითქვა ტრენინგზე: რომ დამთავრდება ერთი მოსავლის აღება, მეორეზე გადადიან და დამსაქმებლის შეცვლა ვერ მოხდებაო“.

საინფორმაციო შეხვედრისა და შერჩეული კანდიდატებისთვის სამუშაო პირობების გაცნობის შემდეგ ნანა ინტერვიუზე შევიდა. გასაუბრება ინდივიდუალურია. კითხვების დასმაზე მეტად ნანას საცხოვრებელი ადგილი დააზუსტეს და საბუთები შეუმოწმეს.

„ინტერვიუზე მომთხოვეს პასპორტი და პირადობა გადაამოწმეს – ჩემი მონაცემები, მისამართი და ყველაფერი. შემდეგ ვაკანსია ავირჩიე. მომაწერინეს ხელი, რომ თანახმა ვიყავი გერმანიაში სამუშაოდ წასვლაზე. კონტრაქტი უკვე მაშინ იქნება, როცა ფერმერი აგვარჩევს. მითხრეს, 2 კვირაში დაგიკავშირდებითო. ან დადებითი პასუხი მოგივათ, ან უარყოფითიო“.

ნანას სოფელში თავისი მეურნეობა აქვს. იცის მარწყვის დარგვა, მოვლა, მოკრეფა, კარტოფილის დათესვა, სიმინდის ყანებში მუშაობა. უვლის ძროხებსა და ღორებს. გამოცდილებაც ოჯახური მეურნეობის მოვლისას დააგროვა. ამბობს, რომ მუდმივი ფინანსური შემოსავალი არ აქვთ, დროებითი დასაქმებებით და მიღებული მოსავლით გადიან ფონს.

„ვწვალობთ. სოფელში მე და დიაბეტიანი მეუღლე ვართ. ბიჭი ბათუმში ბენზინგასამართ სადგურზე მუშაობს. მინდა გამოცდილება მივიღო და იმ ფულით მეც გავაუმჯობესო ჩემი სოფლის მეურნეობა, კარგი საქონლის სადგომი ავაშენო. სათბურს მოვაწყობ, რომ შემოსავლის წყარო მქონდეს“.

ნანას იმედი აქვს, რომ გაწეული ხარჯი დაუფასდება და თვის ბოლოს მოგებაც დარჩება. საათში დასაქმებულებს 9,5 ევროს გადაუხდიან.

იქამდე ბილეთის თანხას და კვების 300 ევროს ახლობლისგან ისესხებს. ხელფასის ჩარიცხვის შემდეგ კი შეძლებს, ქირის ხარჯი დაფაროს.

„საცხოვრებლის ქირას თვის ბოლოს გადაიხდითო, ბილეთზე მიდის მოლაპარაკებაო, რომ შეღავათიან ფასებში გაიყიდოსო.

ჩემი ხელფასი 5 %-ით დაიბეგრება.

ვინც საქართველოში მუშაობს და იქ მიდის, მისი ხელფასი დაიბეგრება 25 % -ით.

წასვლის შიში ახლაც მაქვს, ისეთებს ამბობენ და წერენ, მაგრამ სიძნელეებს მიჩვეული ვარ, ჩემს ცხოვრებაში ადვილი არაფერი არ ყოფილა“, – ამბობს ნანა რადიო თაისუფლებასთან.

დასაქმების სააგენტო სეზონურ სამუშაოზე წასვლის მსურველს წინასწარ ავსებინებს სოციალური დაზღვევის გადასახადის ფორმას, შემდეგ ის იგზავნება გერმანიაში და მოდის პასუხი, თუ რამდენი პროცენტი ჩამოეჭრება კონკრეტულ დასაქმებულს, 5 თუ 25.

25 % ეჭრებათ საქართველოში დასაქმებულებს და თვითდასაქმებულებს (ინდმეწარმეები, მიკრომეწარმეები),

5% საშემოსავლოთი კი იბეგრება სტუდენტი, პენსიონერი, დიასახლისი, მამასახლისი.

გერმანული მხარისგან ამ ეტაპზე 500-მდე ვაკანსიაა შეთავაზებული.

წალკაში მცხოვრები 35 წლის ანა ჭალიძეს იმედი აქვს, რომ მისთვისაც გამოინახება ადგილი. კარგად ახსოვს დღეც და რეგისტრაციის რიგითობის ნომერიც – ის გერმანიაში წასვლის 71934-ე მსურველი იყო.

ამბობს, რომ მისი სოციალური მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ გამოსავალი პირველივე რეისით სამუშაოზე წასვლაა.

მისთვის არ დაურეკავთ, თუმცა ჯერ კიდევ ელოდება თავის „ბოლო შანსს“. სამი შვილის დედა წალკაში ნაქირავებ სახლში ცხოვრობს, სახლის მეპატრონეები საქართველოში პერიოდულად ჩამოდიან და მაშინ ანას შვილებთან ერთად აბარგება და ნათესავებთან გადასვლა უწევს. ახლა უთხრეს, რომ სახლის გაყიდვას აპირებენ და აპრილის ბოლოს, ფაქტობრივად, გარეთ რჩება.

2019 წლის დეკემბერში, ერთ-ერთი „გამობარგების“ დროს, უმუშევრობისა და უსახსრობის ფონზე, ნათესავთან თბილისში ჩამოსული მტკვარში გადახტა, გამვლელებმა უშველეს. ვიდეო, რომელსაც თავადვე იღებდა პირდაპირ ეთერში, სოციალურ ქსელში განხილვის საგანი გახდა. ამბობს, სიკვდილზე მეტად იმაზე ვფიქრობდი, რომ ვინმესთვის ხმა მიმეწვდინაო.

 

შეშას მეზობლები აწვდიან. ღუმელს 24 საათში ერთხელ ანთებს, რომ გამოიზოგოს და, თან, გათბობაც შეძლოს.

თავი დროებითი სამუშაოებით გაჰქონდათ, ახლა ისიც არ არის.

წლების წინ კრედიტით ნაყიდი სახლი ნელ-ნელა იშლება, თვეობით გადაუხდელი ქირის თანხა და კრედიტის ვალი კი იზრდება.

 

დასაქმების სააგენტოს ინფორმაციით, უკვე შერჩეულები არიან გერმანიაში წასვლის მსურველები. 25 ადამიანი აჭარისა და გურიის რეგიონებიდან ახლა საბუთებს აგროვებს. აპრილის თვეში კი სააგენტო აპირებს, საქართველოს ყველა რეგიონში ჩაატაროს საინფორმაციო შეხვედრა, რომ დანარჩენ თვეებში ყველა რეგიონიდან შეირჩეს კანდიდატები.

 

 

radiotavisupleba.ge