ბილ და მელინდა გეითსების ფონდი ახალ კვლევაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ კორონავირუსის პანდემიამ ეკონომიკური განვითარება შეაჩერა და მსოფლიო ათეული წლით უკან დახია. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

„წლევანდელი წელი ძალიან რთულია და განსაკუთრებული. კორონავირუსის პანდემიამ არათუ შეაჩერა პროგრესი, არამედ ეკონომიკა უკან დახია; ასევე, დაპაუზებულია ჩვენი სწრაფვა მდგრადი მიზნებისაკენ“, – განაცხადა ბილ და მელინდა გეითსების ფონდის და Microsoft-ის დამფუძნებელმა ბილ გეითსმა.

ბილ და მელინდა გეითსების ფონდი მსოფლიოს გაერთიანებისაკენ მოუწოდებს, რათა პანდემიით გამოწვეული სირთულეების გადალახვა მოხერხდეს. ფონდის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, “მსოფლიომ, დაახლოებით, 25 წლით დაიხია უკან“ და გადარჩენის ერთადერთი გზა ვაქცინაშია.

ანგარიშის მიხედვით, თუ მსოფლიოს მასშტაბით ვაქცინა დროულად გახდება ხელმისაწვდომი და თანაბრად გადანაწილდება ქვეყნებზე, გლობალურად სიკვდილიანობა 61%-ით შემცირდება, მაგრამ თუ ვაქცინა მხოლოდ პრივილეგირებული ქვეყნებისთვის იქნება ხელმისაწვდომი, სიკვდილიანობის მაჩვენებელი მხოლოდ 33%-ით შემცირდება.

კვლევის თანახმადვე, პანდემიამ მსოფლიო მოსახლეობის 37 მილიონი უკიდურეს სიღარიბეში ჩააგდო და ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებელი 7%-ით გაიზარდა.