გაწერილი დახმარებები სხვა არაფერია, თუ არა „ქართული ოცნების“ სურვილი მოიგოს არჩევნები

აღნიშნულ კომენტარს ანა დოლისძის პრესსამსახური ავრცელებს:

 

„ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციისას ბევრ სხვა საკითხებთან ერთად, საინტერესო იყო სოციალური დახმარების გაცემის ვადები, რომელიც პრემიერ-მინისტრმა დაასახელა. ყველა ის შეღავათი და დახმარება, რომელიც ანტიკრიზისულ გეგმაშია გაწერილი, უნდა გაიცეს არა 6 თვის განმავლობაში, არამედ ერთჯერადად ან ერთი კვარტლის განმავლობაში, როგორც ეს უამრავმა ქვეყანამ გააკეთა. პრემიერს კი არ უთქვამს არცერთი ვადა გარდა ექვსი თვისა, ანუ თუ ყველაფერი უცვლელად გაგრძელდა როგორც იყო გათვალისწინებული, საქართველოში სწორედ ექვს თვეში იქნება არჩევნები. მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით გაწერილი დახმარებები სხვა არაფერია, თუ არა „ქართული ოცნების“ სურვილი მოიგოს არჩევნები. ყველა ის დახმარება და შეღავათი, რომელიც წავა საქართველოს ბიუჯეტიდან, ანუ ჩემი და თქვენი გადახდილი გადასახადებიდან, აგრეთვე იმ საგარეო ვალიდან, რომელიც ჩვენმა სახელმწიფომ მიიღო კორონა ვირუსის პერიოდში, ეს ჩაითვლება და მოხმარდება მმართველი გუნდის წინასაარჩევნო კამპანიას. ამ გზით საქართველოს მოქალაქეებს გაუჩნდებათ განცდა, თითქოს “ქართულმა ოცნებამ” ჩვენთვის რაღაც გააკეთა, თუმცა საბოლოოდ, ის ორი კაპიკი, რასაც ეს პარტია დაარიგებს, მათთვის სასარგებლოდ ჩაითვლება.

პრემიერი უკვე დიდი ხანია უმკაცრესად მიუთითებს მთელ საზოგადოებას, ბიზნესს, რომ მათ დაიცვან ჰიგიენის ნორმები და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესები, მათ შორის საჯარო შეკრების დროს პირბადეების გამოყენების და დისტანციის დაცვის წესები. ამ პირობებში კი მთავრობის სხდომაზე ვნახეთ დაახლოებით ორმოცი ადამიანის შეკრება, რომლებმაც ყველა ეს წესი დაარღვიეს. პატივცემული მინისტრები, საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ჩინოვნიკები, რომლებიც შეკრებილნი იყვნენ, ერთად არღვევდნენ ყველა იმ წესს, რომლის ზედმიწევნით შესრულებას მოგვიწოდებს პრემიერ- მინისტრი, მაგრამ ამ შემთხვევაში კანონის აღსრულება არავის აწუხებს და არც არავინ დააკისრებს ჯარიმას. სწორედ ეს არის ორმაგი სტანდარტი და საზოგადოების უპატივცემულობა“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

2020-04-24T20:09:10+04:00აპრილი 24th, 2020|