საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერში გამართულმა აქციამ მუნიციპალიტეტში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია რისკის ქვეშ დააყენა და მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა მარნეულის და ბოლნისის ეტაპობრივად გახსნას გეგმავდა, სიტუაცია მონიტორინგს კვლავ საჭიროებს:

“ეს არ არის კარგი ფაქტი. ჩვენ უკვე ვიყავით იმ ზღვარზე, რომ განიხილებოდა მარნეულის და ბოლნისის ეტაპობრივი გახსნა, მაგრამ ამ მოვლენიდან გამომდინარე, ჩვენ დღესდღეობით ვგეგმავთ, რა ღონისძიების ჩატარება შეიძლება მარნეულში.

იქედან გამომდინარე, რომ ეპიდსიტუაცია კვლავ რისკის ქვეშ დადგა, შეიძლება გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩატარდეს დამატებითი ტესტირება და თერმოსკრინინგი. არ ვიტყოდი, დიდი ხნით [გადაიდო შეზღუდვების მოხსნა], მაგრამ ის საჭიროებს კიდევ გარკვეულ მონიტორინგს”, – თქვა ტიკარაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში.

საპროტესტო აქცია მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერში გუშინ, 22 აპრილს, დილიდან მიმდინარეობდა. აქციაზე შეკრებილები იყვნენ მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლის წარმომადგენლები, რომლებიც პროდუქციის გაყიდვაში დახმარებას ითხოვდნენ.

აქციის მონაწილეების განმარტებით, სადისტრიბუციო მანქანები, რომლებიც მუნიციპალიტეტში პროდუქტის წამოსაღებად შედის, საკმარისი არ არის და ამის გამო ფერმერები პროდუქციის რეალიზაციას ვერ ახერხებენ.

რადიო მარნეულის ინფორმაციით, მოსახლეობას გადაკეტილი ჰქონდა სადახლო-მარნეულის დამაკავშირებელი გზა, რის გამოც სატვირთო ავტომობილები მუნიციპალიტეტიდან გასვლას ვერ ახერხებდნენ.

 

ავტორი: მარიამ ბოგვერაძე