გერმანიის ელჩი საქართველოში რუბერტ ქნირში აღნიშნავს, რომ გაკვირვებულია მის მიმართ გახმიანებული ზოგიერთი განცხადებით. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ელჩმა პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების მნიშვნელობაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო გადალახავს პრაქტიკას, როცა პოლიტიკური საკითხების განხილვისას “უცხო და უხეში” სიტყვები და ჟესტები გამოიყენება. კომენტარს ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

“როგორც საქართველოში, ასევე ზოგიერთ სხვა ქვეყანაში, ადგილობრივი პოლიტიკური საკითხების განხილვისას ძალიან უხეშ სიტყვებსა და ჟესტებს იყენებენ. გაკვირვებული ვარ იმ კომენტარებით რასაც ადამიანები ჩემს მიმართ აკეთებდნენ, ისინი ვისაც არ შევხვედრივარ და ჩემს შესახებ არაფერი იციან. ვთვლი, რომ აღნიშნული პოლიტიკური პროცესის ნაწილია და დემოკრატიულ განვითარებასთან ერთად საქართველო ამასაც გადალახავს. მთავარია რომ საკონსტიტუციო ცვლილებები მიღებულია, რაც ძალიან მახარებს“, – აღნიშნა მან. 

გერმანიის ელჩმა საქართველოში, ჰუბერტ ქნირშმა 26 ივნისს განაცხადა, რომ გიორგი რურუა, — რომელსაც ოპოზიციის ნაწილი პოლიტპატიმარს უწოდებს და რომლის გამოშვების გარეშეც არ იღებს მონაწილეობას კენჭისყრაში საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად, — 8 მარტის შეთანხმებაში ნახსენები არ არის.

ამის შემდეგ ის ოპოზიციის ზოგიერთმა წარმომადგენელმა გააკრიტიკა: “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა თქვა, რომ ელჩს “[ბიძინა] ივანიშვილი აფინანსებს”, “ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია კი ელჩის კომენტარს ასე გამოეხმაურა: “თანავუგრძნობ მას, არ ვიცი, მერამდენედ უნდა გაეხვიოს ასეთ შარში…”

ასევე, კრიტიკა მოჰყვა ქნირშის განცხადებას სოფო კილაძის საკითხზე: ელჩმა შეშფოთება გამოთქვა არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადების შინაარსზე, რომელიც ეხებოდა საქართველოს მხრიდან კილაძის წარდგენას გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრობის კანდიდატად. NGO-ები აღნიშნავდნენ, რომ სოფო კილაძე არ გამოირჩევა თანასწორობისა და ადამიანის უფლებების მაღალი რწმენითა და პატივისცემით.

მას შემდეგ, რაც გერმანიის ელჩმა გააკრიტიკა ორგანიზაციების ეს გზავნილი, NGO-ებმა კიდევ ერთი განცხადება გაავრცელეს და აღნიშნეს, რომ გაკვირვებას იწვევს ელჩის შეფასება, “როცა ის სამოქალაქო სექტორის დასაბუთებულ კრიტიკას პოლიტიკურ პროცესებს უკავშირებს და ერთ ჭრილში განიხილავს”.