„საქართველოში ქალაქების ჩაკეტვით მოხდა ურბანისტული კლასტერების ლოკალიზება. ამ გადანაწილებამ მოახდინა სტაბილური სიტუაციის შენარჩუნება. ზოგიერთ ქვეყანას მართვის სადავეები გაექცა.

ჩვენ ეს მომენტი ავიცილეთ, გადავლახეთ კრიზისის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაზა და უკვე დაღმა მივდივართ. დამოუკიდებლობის დღისათვის იმედია ყველაფერი დალაგდება” – ამის შესახებ „რეზონანსს” ანალიტიკოსმა სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაიამ განუცხადა.

ახალი კორონავირუსის პანდემიის ფონზე, მსოფლიოში როგორ შეიცვლება უსაფრთხოების საკითხები, რა იქნება ხვალ და არსებული მდგომარეობა, როგორ იმოქმედებს ისეთ დიდ ქვეყნებზე, როგორიცაა აშშ, ჩინეთი, რუსეთი – ხორბლის დეფიციტის ფონზე, მსოფლიო საზოგადოებას ელის თუ არა შიმშილი, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე „რეზონანსი” ვახტანგ მაისაიას ესაუბრა:

ვახტანგ მაისაია: დღეს მხოლოდ კრიზისების მართვის პროცესზეა საუბარი და არა ეროვნულ უსაფრთხოებაზე. შემოღებულია კომენდანტის საათი, რის აღსრულებაშიც თავდაცვის ძალები მონაწილეობენ. უსაფრთხოების კომპონენტში დგება სოციალური და სურსათის უსაფრთხოების საკითხები.

ეკონომიკური უსაფრთხოების მიმართულებით გასაგებია, რომ ვირუსი პრობლემას ქმნის, მაგრამ მეტ-ნაკლებად ის რესურსებით, რომელიც ჩვენ ქვეყანას გააჩნია, უმკლავდება.

„რეზონანსი”: როგორ შეიცვლება მსოფლიო წესრიგი? გეოპოლიტიკური თავლსაზრისით, ვინ გამოიყენებს არსებულ ვითარებას სათავისოდ?

ვ.მ: მსოფლიო წერსიგის პირობები შეიცვლება – ჩინეთი, რუსეთი და აშშ – ამ სამი სახელმწიფოს გადათამაშებით განხორციელდება მსოფლიო წესრიგის განვითარება. დაიწყო საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ომი ჩინეთსა და აშშ-ს შორის. ჩავთავალოთ, რომ მათ შორის დაიწყო გამალებული ცივი ომი.

ამის ფონზე, რუსეთმა შეიძლება თავისი წილი მოასწროს და გავლენის სფეროები გაამყაროს არა მხოლოდ შავი ზღვის აუზის რეგიონში, არამედ აღმოსავლეთ ევროპაში და სხვა მიმართულებითაც გაშალოს ფრთები.

აშშ-ს და ჩინეთს საქართველოსთვის გააჩნია თანაბარი სტატუსი. ორ სტრატეგიულ მეგობარს შორის დაპირისპირების ფონზე, რუსეთმა შეიძლება მეტი მოგება მიიღოს, რადგან პუტინის რუსეთი ამ შანს ხელიდან არ გაუშვებს

აშშ, რუსეთი, ჩინეთი, – ამ სამ ქვეყანას ექნება გლობალური ჰეგემონობის პრეტენზია. 2008 წელს ეს ტენდენცია იკვეთებოდა და კორონავირუსმა პროცესი კიდევ უფრო დააჩქარა. შეიცვალა მსოფლიო წესრიგი და სამწუხარო რეალობა სწორედ ასეთია.

ნამდვილად არ არის კარგი, რომ რუსეთი გლობალური ჰეგემონობას ეპოტინება. შეიძლება ამ სამეულში რუსეთი სუსტი წერტილია, მაგრამ გლობალური ჰეგემონობის პოზიციას მაინც ინარჩუნებს.

„რ”: ხორბლის დეფიციტის ფონზე, მსოფლიო საზოგადოებას ემუქრება თუ არა შიმშილი?

ვ.მ: რუსეთმა უკვე დაიწყო ხორბლის ექსპორტის შემცირება, რაც ცივი ომის ერთ-ერთი კომპონენტია. რუსეთი ხორბლის ფაქტორის გამო შეიძლება სწორედ გლობალურ ჰეგემონადაც გადაიქცეს.

რუსეთმა ექსპორტი დაახლოებით 60%-ით შეამცირა და პრაქტიკულად დაიწყო საკუთარი წესების კარნახი სასურსათო უსაფრთხოების ბაზარზე. საქართველოს ეს პრობლემა არ ექნება, მაგრამ, ამასთან, მოსალოდნელია, რომ პოსტპანდემიური პერიოდის შემდეგ გაჩნდეს ახალი საშიში სტიქიური უბედურება. ყველაფერთან ერთად, არ გამოვრიცხავ, რომ საერთო ტერორიზმიც საკმაოდ სერიოზული გამოწვევა გახდეს.

 

წყარო: რეზონანსი

ავტორი: თამარ შუკვანი