„ევროპული საქართველო“ მოითხოვს, გაიზარდოს ტესტირებათა რაოდენობა, რათა შესაძლებელი გახდეს რეალური ეპიდემიოლოგიური სურათის დანახვა.

„ქვეყანა კრიზისშია, ათასობით და ათიათასობით მოქალაქე შემოსავლის გარეშეა დარჩენილი და უწევს სახლში ყოფნა ამ კრიზისის პირობებში, ხოლო ასეთ დროს, ივანიშვილის ხელისუფლება ქვეყნისათვის დამაზიანებელ გზას ადგას. საზოგადოებაში ძალიან ბევრი ლეგიტიმური კითხვა ჩნდება იმასთან დაკავშირებით, რამდენად გამართლებულია მთავრობის მიერ არჩეული კურსი როგორც ეკონომიკური, ისე ჯანდაცვის მიმართულებით. ამ დროს ამ ლეგიტიმურ კითხვებს ქვეყნის მტრობას უწოდებს სახელისუფლო გუნდი, იქნება ეს კახა კალაძე თუ ირაკლი კობახიძე.

„ევროპული საქართველო“ ქვეყანაში ეპიდემიის გავრცელებიდან მოყოლებული, ითხოვს ტესტირების პროცესის დაჩქარებას, რაც საზოგადოებას რეალურ სურათს დაანახებდა, ხოლო უაზროდ მკაცრი და ხშირად აბსურდული რეგულაციების ნაცვლად, მხოლოდ აუცილებელი შეზღუდვები გახდებოდა საჭირო”- აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

ასევე მისი განცხადებით ხელისუფლება სათავისოდ და შერჩევითად იყენებს საგანგებო მდოგომარეობას.

„დიდ აღშფოთებას საზოგადოებაში იწვევს ისიც, რომ „ქართული ოცნება“ შერჩევითად იყენებს საგანგებო მდგომარეობას. ხელისუფლებასთან დაახლოებული ჯგუფები არაფრად აგდებენ გადაადგილებასთან თუ ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს.

საქართველოსთვის ამ ურთულეს პერიოდში, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის დასაცავად, კატეგორიულად მოვუწოდებთ ხელისუფლებას, თვითკმაყოფილების ნაცვლად, ამჯერად მაინც იზრუნოს ქვეყნის ინტერესებზე და დაუყოვნებლივ გადადგას შემდეგი ნაბიჯები: გაზარდოს ტესტირებათა რაოდენობა, რათა შესაძლებელი გახდეს რეალური ეპიდემიოლოგიური სურათის დანახვა; მოხსნას აბსურდული შეზღუდვები და აღკვეთოს კანონის შერჩევითი გამოყენება; მნიშვნელოვნად შეამციროს საგადასახადო ტვირთი და მეტი ფული დაუტოვოს ხალხს; დაუბრუნოს მოქალაქეებს და ბიზნესს საპენსიო ფონდში დაგროვილი მათი კუთვნილი თანხა; სამართლიანად და გამჭვირვალედ მიმართოს საბიუჯეტო სახსრები მოქალაქეთა დასახმარებლად”. – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.