“ეს მხოლოდ დასაწყისია” — მერკელი კორონავირუსის კრიზისზე.

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, კორონავირუსის კრიზისის დასრულებამდე ჯერ კიდევ შორია და “ეს მხოლოდ დასაწყისია“. მისივე თქმით, სწორედ ამიტომ საჭიროა ფრთხილად ყოფნა. BBC-ის ცნობით, მერკელმა ამის შესახებ კრიზისისთვის მიძღვნილ ევროკავშირის ვიდეო-სამიტზე განაცხადა.

იქამდე, მსგავსი განცხადება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა გააკეთა.

როგორც გამოცემა იუწყება, მერკელმა ხაზი გაუსვა, რომ კრიზისის დასაძლევად ევროპის ქვეყნების ერთიანობა იქნება საჭირო. ვიდეო-სამიტზე ქვეყნები განიხილავდნენ ეკონომიკური პრობლემების დაძლევის გზებს.

იტალია, რომელიც ევროპაში კორონავირუსისგან ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული ქვეყანაა, მოუწოდებს ევროკავშირის სხვა ქვეყნებს, ე.წ ევრობონდების მეშვეობით, აღებული ფინანსური ვალდებულებები კავშირის ყველა ქვეყანამ გაიზიაროს. ამ იდეას ემხრობიან საფრანგეთი და ესპანეთი, თუმცა ნიდერლანდები, გერმანია და ავსტრია ეწინააღმდეგებიან.

ევროპელი ლიდერები სამშაბათს გეგმავენ ხელი მოაწერონ 540 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტს, ევროპელი მუშახელის, ბიზნესის და ასევე, დაზარალებული ქვეყნების ხელშესაწყობად.

 

წყარო: ნეტგაზეთი

ავტორი: ნიკა ბურდული

2020-04-23T17:30:48+04:00აპრილი 23rd, 2020|