საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, დღეს პარლამენტში პრემიერ-მინისტრის გამოსვლით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ “ქართული ოცნება” საქმეს აკეთებს, ხოლო ოპოზიცია დემაგოგობს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პრემიერმა ოპოზიციას “მასტერკლასი” კიდევ ერთხელ ჩაუტარა.

“ერთი თვის განმავლობაში უკვე მესამე „მასტერკლასი“ ჩაუტარა გიორგი გახარიამ ოპოზიციას და კიდევ ერთხელ ნათელი გახდა ის, თუ სად არის დღეს ხელისუფლება და სად არის ოპოზიცია. ძალიან საინტერესო მიმოხილვა იყო იმ პროცესების, რომელიც საქართველოში ამ ერთი წლის განმავლობაში განვითარდა. რეალურად, ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ “ქართული ოცნება” დაკავებულია საქმის კეთებით და ეს დღეს კიდევ გამოჩნდა პრემიერის წლიურ ანგარიშში. რაც შეეხება ოპოზიციას, ის მხოლოდ და მხოლოდ ლაპარაკით არის დაკავებული, თან არა საუბრით, არამედ წმინდა წყლის დემაგოგიით. ეს ნათელი იყო დღევანდელ სხდომაზეც და ეს აჩვენა იმ მოხსენებამ, რომელიც გიორგი გახარიამ საქართველოს პარლამენტში გააკეთა”, – განაცხადა კობახიძემ.