„როდესაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა, სწორედ მაშინაა აუცილებელი პარლამენტის მუშაობის გაორმაგება და აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ საზედამხედველო და მაკონტროლებელი როლის აღდგენა. ახლა, როცა პარლამენტი გაგანია მუშაობაში უნდა იყოს, იგი მკვდარია,“ – აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომიარე რომან გოცირიძე.

„მე მგონი, ორივე ფარისევლობს და მათი მთავარი მიზანია არჩევნები. როგორც ჩანს, ხელისუფლებას მოსწონს ეს სიტუაცია და უნდა, თავის სასარგებლოდ გამოიყენოს, გაწელოს ეპიდემიის კონცეფცია და რაც შეიძლება ცოტა დრო დარჩეს არჩევნებამდე. ოპოზიციას კი ეშინია, რომ თუ ხელისუფლება ამას მიაღწევს, არჩევნებში გამარჯვება გარანტირებული აქვს. არჩევნები კი ბრძოლაა და ამიტომ ორივე საკუთარი ინტერესებისთვის იბრძვის.

„ყველამ ვიცით, რომ პანდემიის შედეგად ეკონომიკური ცუნამი გარდაუვალია, ამიტომ ოპოზიცია ჩქარობს, ამაში გამოიჭიროს ხელისუფლება.

„რაც შეეხება პარლამენტში მუშაობის აღდგენის მოთხოვნას, პარლამენტი, დიდი ხანია, მკვდარია, 14 ნოემბრის შემდეგ აღარ ფუნქციონირებს. სად იმართებოდა მოლაპარკება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის – პარლამენტში, პარლამენტის ბუფეტში თუ ეზოში? ერთადერთი ლეგიტიმური ადგილი, სადაც ოპოზიცია და ხელისუფლება ერთმანეთს ელაპარკებოდნენ, იყო საელჩოები. ანუ ორივემ აღიარა, რომ პარლამენტი აღარ ფუნქციონირებს და ლეგიტიმური აღარ არის.

„ეს არის წინასაარჩევნო თამაშები. მე პირადად არც ერთს არ ვგულშემატკივრობ, რადგან 2020 წლის არჩევნებისგან არანაირ ცვლილებას არ ველოდები,“ – განაცხადა „რეზონანსთან“ პაატა ზაქარეიშვილმა.