უნდა გამოვტყდე, რომ კომიკურია არჩილ თალაკვაძისგან მოწოდება, რადგან ჯობდა საკუთარი გუნდის წევრების მიმართ ჰქონოდა ეს მოწოდება, როდესაც ჩააგდეს ეს შეთანხმება , – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ შეთანხმება ბოლომდე შესრულებული არ არის და გიორგი რურუა პატიმრობაში რჩება, „ევროპული საქართველო“ საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესში სრულფასოვან მონაწილეობას არ მიიღებს.

„ჩვენი პოზიცია უცვლელი რჩება, სრულფასოვან მონაწილეობას ჩვენ ამ პროცესში არ მივიღებთ იმიტომ, რომ შეთანხმება შესრულებული არ არის, თორე ჩვენ ძალიან გვინდა ქვეყნის ნორმალიზაციისთვის, რომ შეთანხმება შესრულდეს, პოლიტპატიმარი რურუა გამოუშვან და საკონსტიტუციო ცვლილებები მივიღოთ და შემდეგ იყოს შედარებით ნორმალური საარჩევნო კამპანია, ბოლოს, ყველა, ივანიშვილით დაწყებული, შეეგუოს ამომრჩევლების ვერდიქტს.

რაც შეეხება მოწოდებას, უნდა გამოვტყდე, რომ კომიკურია ეს მოწოდება თალაკვაძისგან იმიტომ, რომ ჯობდა საკუთარი ფრაქციის წევრების, საკუთარი გუნდის წევრების მიმართ ჰქონოდა ეს მოწოდება, როდესაც ჩააგდეს ეს შეთანხმება და ახლაც, პირველ რიგში, უნდა მიმართოს ყველას, ვინც არის მის გუნდში თუ უნდა, რომ ეს ნაწილი მათ შეასრულონ შეთანხმების. შეთანხმება არის მთლიანი პაკეტი და ასეთი რაღაც, რომ ერთ ნაწილს არ შევასრულებ, ვიღაცას ციხეში დავტოვებ და არაანგარიშვალდებული ვიქნები საზოგადოებისა და საქართველოს მეგობრების წინაშე იმ პირობაზე, რაც დავდე, არ მოსულა და ჩვენთვის მიუღებელია“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

კითხვაზე, იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლება აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად საკმარისი ხმები აქვს, რას უკავშირებს სპიკერის ოპოზიციისადმი მოწოდებას გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ რთულია „უცნაური, ქვეყნისთვის საზიანო ადამიანის, ივანიშვილის ამ პიარნიაღვარის ანალიზი“.

„თუ უნდათ, რომ მიიღონ ოპოზიციის გარეშე შეუძლიათ, მიიღონ. შეუძლიათ ჩააგდონ ოპოზიციის მისვლის შემთხვევაშიც კი, ჩვენ ხომ ვნახეთ ეს ერთხელ. ამიტომ ის ილუზია, რაც მათ ჰქონდათ, რომ ამ სისტემის შედეგად, თუ შეინარჩუნებენ, გადარჩება პოლიტიკურად ივანიშვილი, არის სისულელე. სისტემა სჭირდება ქვეყანას მომავალში ივანიშვილის შეცვლის შემდგომ, რომ არც ერთი შემდგომი ხელისუფლება არ იყოს უკონტროლო და თუ ახლა არ გაიტანენ ამას, მათი საარჩევნო მარცხის შემდეგ, ყველა ვარიანტში მოხდება პროპორციულის მიღება, მაგრამ ქვეყანაში ვითარების ნორმალიზაციისთვის, ამ შეთანხმების შესრულება კარგი ამბავია და თუ შეასრულებენ ამას, საკონსტიტუციო ცვლილება მნიშვნელოვანია და ამაში სიამოვნებით მივიღებდით მონაწილეობას“, – განაცხადა ბოკერიამ.