ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ავღანეთში მყოფ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს წიგნები გაუგზავნა

ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ავღანეთში მყოფ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს წიგნები გაუგზავნა, სამხედრო ბაზაზე უკვე არსებული „წიგნის კუთხე“ ახალი ლიტერატურით შეივსო. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” ეროვნული ბიბლიოთეკიდან აცნობეს.

მათი ცნობით, ავღანეთში წიგნებს პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონი ჩაიტანს.

მათივე ინფორმაციით, ეროვნულ ბიბლიოთეკასა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი 2017 წელს გაფორმდა. დოკუმენტის ფარგლებში ეროვნულმა ბიბლიოთეკამ რამდენიმე სამხედრო ბაზას წიგნები გადასცა და ავღანეთში მდებარე სამხედრო ბაზას წიგნის კუთხე მოუწყო.

„დიდი საქმეები გრძელდება: ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ავღანეთში მებრძოლი ჩვენი ჯარისკაცებისთვის სამკითხველო მოაწყო – ამჯერად 300 წიგნი გავაგზავნეთ. გამოცემებს სამხედროებისთვის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონი წაიღებს, რომელიც როტაციით საერთაშორისო მისიაში მონაწილეობის მისაღებად მიემგზავრება“, – აცხადებს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე.

2020-06-27T02:09:44+04:00ივნისი 27th, 2020|