შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი, მაია მიმინოშვილი განათლების სამინისტროს ერთიანი ეროვნული გამოცდების უსაფრთხოდ ჩატარებისთვის რამდენიმე ვარიანტს სთავაზობს. ამის შესახებ მიმინოშვილმა  „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საღამოს ნიუსრუმში“ ისაუბრა.

მან აღნიშნა, რომ შესაძლებელია, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩასატარებლად გაიზარდოს საგამოცდო ცენტრების რაოდენობა, შემცირდეს სესიაში მონაწილე აბიტურიენტთა რიცხვი და ასევე გამოცდები ონლაინ რეჟიმშიც ჩატარდეს.

„ბუნებრივია, გამოცდებთან დაკავშირებითაც შეიძლება გარკვეული გზების გამონახვა. მოგატყუებთ, რომ 24 საათის განმავლობაში ამაზე ვფიქრობდი, როგორ შეიძლება გამოცდები ჩატარდეს, თუმცა, ერთ-ერთ ვარიანტს შევთავაზებდი განათლების სამინისტროს. პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, არის საგამოცდო ცენტრების გაზრდა. ამას რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზული მუშაობა სჭირდება. საგამოცდო ცენტრების გაზრდა ისე, რომ აბიტურიენტს არ დასჭირდეს დისტანციების გავლა, რომ გამოცდა ჩააბაროს. მეორე – სრულიად შესაძლებელია სესიების რაოდენობა გაიზარდოს. აქამდე 9 საათზე იწყებოდა და მხოლოდ 2 სესია გვქონდა, ანუ საგამოცდო ცენტრში გარკვეული რაოდენობა დავუშვათ აბიტურიენტების და კონვეიერული წესით შევიყვანოთ აბიტურიენტები შემდეგ სესიაზე. პირობითად ვამბობ, 20 აბიტურიენტი 9 საათზე, კიდევ 20 აბიტურიენტი და ა.შ. როცა დაასრულებენ, სხვა გასასვლელიდან გავლენ და ერთმანეთთან აბიტურიენტებს შეხება არ ექნებათ. სათქმელად ადვილია, მაგრამ ამას ძალიან სერიოზული მუშაობა სჭირდება, თუმცა პრობლემა დაძლევადია“, – განაცხადა მიმინოშვილმა.

ე.წ. ონლაინ რეჟიმშიც შეიძლება ერთ-ერთი ვარიანტის განხილვაც.

„რაც შეეხება უცხო ქვეყნის გამოცდილებას, მე არ მსმენია ცენტრალიზებული საგამოცდო სისტემა, რომელიც ე.წ. ონლაინ რეჟიმში ტარდება მთელი ქვეყნის მასშტაბით. თუმცა, ყველაფერი პირველად იქმნება და რატომაც არ უნდა ქონდეს ამბიცია საქართველოს, რომ მსგავსი საგამოცდო სისტემა შეიქმნას. მით უმეტეს, გვაქვს მცირე შერჩევაზე, მაგრამ მსგავსი პროექტი – „კონკურსი მათემატიკურ და ალგორითმულ აზროვნებაში“, – განაცხადა მიმინოშვილმა.