ენზელ მკოიანი მის სახლთან სროლის დროს თავს იცავდა

ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მისი თანაგუნდელი , ენზელ მკოიანი მის სახლთან სროლის დროს თავს იცავდა.

“მე რომ თქვენ გესროლოთ და თქვენ მიპასუხოთ სროლით, თქვენ არავინ უნდა დაგაკავოთ, ეს არის არაშერჩევითი სამართალი”, — ამბობს კობახიძე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.

როგორც კობახიძე ამბობს, გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ სამველ პეტროსიანი ენზელ მკოიანის მიმართულებით ისვრის და ეს უკანასკნელი თავდაცვის მიზნით მას, ასევე, სროლით პასუხობს:

“პირდაპირ და ნათლად ჩანს, რომ კონფლიქტის ინიციატორი სამველ პეტროსიანია, რომელიც უპირისპირდება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირს. აქ არის დანაშაულის ნიშნები, თუმცა ეს უნდა დაადგინოს სასმაართლომ”.

მისივე თქმით, ენზელ მკოიანის დაკავების ან მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი არ არსებობს.

ქართული ოცნების დეპუტატის ენზელ მკოიანის სახლთან სროლა 26 მარტს მოხდა. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება ჯგუფური ძალადობის ფაქტზე დაიწყო.

ამ დრომდე უცნობია სროლის მიზეზი.  ადგილობრივი გამოცემა, JNEWS.GE, რომელმაც თავდაპირველად გაავრცელა ინფორმაცია ამ თემაზე, წერს, რომ იარაღიდან 4-5-ჯერ გაისროლეს.

ამავე გამოცემის ცნობით, შესაძლოა, სროლა დეპუტატ ენზელ მკოიანსა და ნაციონალური მოძრაობის ყოფილ და ამჟამად პატრიოტთა ალიანსის დეპუტატ, სამველ პეტროსიანს შორის არსებულ დაპირისპირებას უკავშირდება. ადგილობრივები აცხადებენ, რომ დაპირისპირება იყო პეტროსიანისა და მკოიანის მომხრეებს შორის, რაც პოლიციელების ჩარევის შემდეგ განიმუხტა.

2020-04-02T18:27:23+04:00აპრილი 2nd, 2020|