“დიდი ამბავია ატეხილი პრემიერობის კანდიდატობაზე.
ერთი პარტიის ლიდერმა თქვა, ხალხის დაკვეთაა კოალიციური მმართველობა, ხოლო ჩვენი ამოცანაა, “ევროპული კოალიციის შემკვრელები” ვიყოთო (“ევროპული ტიპის” კი არა, “ევროპულიო”, ბევრჯერ გაიმეორა). ამასთან, წინასწარ ითქვა, რომ სააკაშვილის თემაზე კომპრომისი ვერ შედგება და რომ ამის შანსი ნულის ტოლია. ანუ მინორიტარი პარტნიორი ერთგვარ ულტიმატუმს აყენებს – თუ ვეტოს უფლებას არ მომცემთ, ე.ი. ბიძინა გინდათო.
მოდით, ყოველგვარი ნიშნის მოგების გარეშე, გულწრფელად და რაციონალურად შევხედოთ ამ სურათს:
პირველ რიგში, ყველაფერს აქვს კონტექსტი. სააკაშვილთან შეიძლება ბევრი პრეტენზია გქონდეს (მაგალითად, მისი საკადრო პოლიტიკა 2004 წლიდან დღემდე), თუმცა გააჩნია ამ პრეტენზიას ვინ აყენებს (ქოცზე არ მაქვს საუბარი, ქოცთან ყველა მართალია:) –
თუ ყველაფერ იმაში, რასაც სააკაშვილს უწუნებ, მისნაირი ხარ, ოღონდ ბევრად მცირე მასშტაბში, მაშინ შენი პრეტენზია მთლად კეთილსინდისიერად ვერ გამოიყურება.
თუ არგუმენტი ისაა, რომ სააკაშვილი ბევრისთვის მიუღებელია და ამიტომ იწუნებ, მაშინ ოდნავ უფრო მისაღები უნდა იყო ვინმესთვის, გარდა “პოლიტიკურ კლასად” წოდებული რამდენიმე ათეული ადამიანისა.
სააკაშვილი ხშირად ახერხებს ბუნებრივი მტრის დროებით მოკავშირედ წარმოჩენას (საბოლოო ჯამში, თავისივე საქმის საზიანოდ – იხ. საკადრო პოლიტიკა). ეს დიდი პრობლემაა, მაგრამ უშვებს ღირებულებითად მღვრიე გამარჯვებას. მის მთავარ მოქიშპეს კი აქვს ცარიელ ადგილზე მოყვასის მტრად ქცევის უნიკალური ნიჭი (მე ვიტყოდი, მოთხოვნილებაც), რაც ღია, არაკულუარულ, რეალურად დემოკრატიულ სისტემაში გამარჯვებას უბრალოდ გამორიცხავს.
ხოდა, პრემიერობის კანდიდატობა იქით იყოს და, ეს გზა ცალსახად ჩიხია, მეგობრებო. ყრუ ჩიხი. თან, გულის არც თუ ისე სიღრმეში ყველამ კარგად ვიცით, რომ ასეა.”

დიდი ამბავია ატეხილი პრემიერობის კანდიდატობაზე. ერთი პარტიის ლიდერმა თქვა, ხალხის დაკვეთაა კოალიციური მმართველობა,…

Geplaatst door Zaza Bibilashvili op Dinsdag 18 augustus 2020