დღეს, დიდი ქართველი რეჟისორის, თენგიზ აბულაძის გარდაცვალებიდან 26 წელი გავიდა.

მის ფილმოგრაფიას ეკუთვნის ისეთი ღირშესანიშნავი ნამუშევრები როგორიცაა:

  1. მონანიება ( 1984)
  2. ნატვრის ხე ( 1976 )
  3. სამკაული სატრფოსათვის ( 1972 )
  4. ვედრება ( 1967 )
  5. მე, ბებია, ილიკო და ილარიონი ( 1962 )
  6. სხვისი შვილები ( 1958 )
  7. მაგდანას ლურჯა ( 1955 )

განსაკუთრებული წარმატება წილად ხვდა ფილმებს “მონანიება” და მაგდანას ლურჯა”, რომლებმაც არაერთ საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვეს.

კინოფილმ მონანიების გადაღებას თან საინტერესო ისტორია ახლავს.

გიგა ლორთქიფანიძე: „მონანიება“ უბრწყინვალესი ფილმია, მაგრამ მის ასეთ წარმატებაში  კონიუნქტურამაც ითამაშა როლი. ეს იყო მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნა, ამის გაბედვა მხოლოდ თენგიზ აბულაძეს შეეძლო. მე მახსოვს ის ამბავი, როდესაც თენგიზმა „მონანიების“ სცენარი ედუარდ შევარდნაძეს მისცა წასაკითხად. ჩვენ განებივრებულები ვიყავით, რომ ედუარდი პასუხს ორ-სამ დღეში გვაძლევდა, როცა რაღაცის გადარჩენა იყო საჭირო, ან ფული გვჭირდებოდა რამის გასაკეთებლად. გავიდა ორი თვე და პასუხი არ ისმის. თენგიზმა რეზო ჩხეიძეს უთხრა: მე მგონი, ედუარდს უჭირს გადაწყვეტა, შეუძლებელია, ამ ფილმის გადაღება და უხერხულ მდგომარეობაში ნუ ჩავაყენებთ. ვეტყვი, რომ მე სხვა თემაც მაქვსო. რეზო დაეთანხმა. დაურეკა მთავრობის ტელეფონით და გადასცა თენგიზის ნათქვამი. მან მეორე დღესვე დაგვიბარა და იქ უთხრა ედუარდმა: მე წავიკითხე, ეს გენიალური სცენარი, მაგრამ უნდა მოვიფიქროთ, როგორ მოვიქცეთ. მოსკოვი ამას არ მიიღებს, არც კინოკომიტეტი, არც ტელევიზია. ამიტომ, ასეთი რამ მოვიფიქრე, აქაურ ტელევიზიას გადავაღებინოთ, მაგრამ სცენარი არავის წააკითხოთო. „მონანიების“ ბედი შევარდნაძემ გადაწყვიტა. ამიტომ, თენგიზს თავი მოვალედ მიაჩნდა, მხარში ამოსდგომოდა ედუარდს. უკვე ავადმყოფი, ძალიან გამხდარი და შეცვლილი მოდიოდა პარლამენტის სხდომებზე, ბოლომდე იჯდა და ამით გამოხატავდა მადლიერებას შევარდნაძის მიმართ.

აი რას იხსენებს რეჟისორის მეუღლე მზია მახვილაძე: „მაგდანას ლურჯას“ დაბრკოლება შეხვდა, ფილმის ჩამორთმევა უნდოდათ, მაგრამ მერე დიდი წარმატება მოჰყვა და ცუდის გახსენება აღარ მინდა. რიყეზე ბაზრის ეპიზოდს იღებდნენ და მე და მამაჩემი წავედით სანახავად. გაოცდა მამაჩემი, ეს რამხელა შრომა ყოფილაო და მას შემდეგ, ყოველ დილით 6 საათზე დგებოდა და თავისი ხელით უმზადებდა საუზმეს: იმდენს შრომობს, ყველა მხარში უნდა ამოვუდგეთო. „მაგდანას ლურჯა“ კანის ფესტივალზე დილით აჩვენეს, მაგრამ ისეთი ინტერესი გამოიწვია, რომ საღამოსაც გაიმეორეს. ფილმის წარმატებას ჩვენთან ერთგვარი გაკვირვება მოჰყვა. კონსტანტინე გამსახურდიამ მწარედ იხუმრა: ევროპაში ვირებით გავედითო. რეზოს და თენგიზს კანში გამარჯვების შემდეგ ბევრი მოტრფიალე გაუჩნდა. ახლა „სხვის შვილებზე“ რომ ვფიქრობ, მიკვირს, რა არის იმ ფილმში ისეთი, რომ გაეკრიტიკებინათ, მაგრამ ბრძოლით მოუხდა ამ სურათს გატანა. „მე, ბებია, ილიკო და ილარიონსაც“ გამოუჩნდნენ კრიტიკოსები, რატომ გურიაში არ არის გადაღებულიო. თენგიზი იმდენად დიდ ყურადღებას აქცევდა სახვით გადაწყვეტას, რომ ხელი შეუშალა გურიის სიმწვანემ.

გამოყენებული წყარო: ვიკიპედია