დღეს საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას დაბადების დღეა

ჟიული შარტავა დაიბადა სენაკში1944 წლის 7 მარტს, პედაგოგების, კალისტრატე და ნინო შარტავების ოჯახში. 1951–1961 წლებში სწავლობდა სენაკის მეორე საჯარო სკოლაში, რომელიც ამჟამად მის სახელს ატარებს.

საშუალო სკოლის ოქროს მედალზე დამთავრების შემდეგ ჟიული შარტავამ ჩააბარა პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტზე.

იგი აქტიურად მონაწილეობდა სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციების მუშაობაში. ინსტიტუტის წარჩინებით დამთავრების შემდეგ ჟიული შარტავა ჩაირიცხა ასპირანტურაში, თუმცა უმაღლესი სასწავლებლის კომკავშირის კომიტეტის მდივნად არჩევის გამო მან არ გააგრძელა სამეცნიერო მოღავწეობა.

ადრეული კარიერა

მალე ჟიული შარტავა დააწინაურეს საქართველოს ალკკ ცენტრალური კომიტეტში, ჯერ მეორე მდივნის, ხოლო შემდგომ პირველი მდივნის თანამდებობაზე. ამ თანამდებობაზე მან 8 წელი იმუშავა და ბევრი ნოვატორული წამოწყება მიიყვანა ბოლომდე. ჟიული შარტავას სახელს უკავშირდება შავნაბადაზე ახალგაზრდული კომპლექსის დაფუძნება.

1980-იან წლებში იყო საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს წევრი. 1992 წლიდან – საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატი რუსთავის მაჟორიტარული ოლქიდან.

ჟიული შარტავას საქართველოს ალკკ ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნობის პერიოდს უკავშირდება აგრეთვე ყოველწლიური ქართულ-აფხაზური ახალგაზრდული ზეიმების მოწყობა რუხში. ცნობილია მის გამოკვეთილი ეროვნული პოზიცია 1978 წლის 14 აპრილის კრიზისის დროს, როდესაც ქართველი ახალგაზრდობა გმირულად აღუდგა წინ საკავშირო ცენტრის მცდელობას საქართველოს სსრ-ის ახალი კონსტიტუციიდან ამოეღოთ მუხლი ქართული ენის სახელმწიფო სტატუსის შესახებ.

1980 წელს ჟიული შარტავა ინიშნება საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პროპაგანდისა და აგიტაციის, მოგვიანებით კი ორგანიზაციულ-პარტიული მუშაობის განყოფილების ხელმძღვანელად. სწორედ ამ დროიდან ხდება იგი საქართველოს პარტიული ლიდერის ედუარდ შევარდნაძის უახლოესი თანამებრძოლი. ჟიული შარტავა მის სავარაუდო „მემკვიდრედაც“ კი მოიაზრებოდა რესპუბლიკის პირველი პირის პოზიციაზ, მაგრამ, მის კარიერულ წინსვლას ხელი შეუშალა ხელისუფლების ცვლამ 1985 წელს. ჟიული შარტავას მოუწია ცენტრალური კომიტეტიდან წასვლამ და პარტიული მუშაობა რუსთავში გააგრძელა.

ჟიული შარტავა დროებით რუსეთში გადავიდა. მან მოსკოვში დაამთავრა სსრ კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემია და 1990 წელს სამშობლოში დაბრუნდა. ამავე პერიოდში ეწეოდა აქტიურ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სადაც პროფესორ ნოდარ ლომინაძის ხელმძღვანელობით განაახლა და წარმატებით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „დისკრეტული წარმოების დაგეგმვისა და ოპტიმიზაციის, მოდელებისა და მეთოდების კვლევა და დამუშავება“.

1993 წლის შემოდგომისთვის, ჟიული გეგმავდა მონოგრაფიის „ოპტიმალური არჩევანი“ გამოცემას და სადოქტორო დისერტაციის წარდგენას თემაზე: „დისკრეტული პროცესების მოდელირება და ოპტიმიზაცია მართვაში“, მაგრამ ქვეყანაში პოლიტიკური ვითარების შეცვლამ ის კვლავ მოთხოვნადი გახადა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ასპარეზზე – ამჯერად უკვე დამოუკიდებელი საქართველოს სამსახურში.

დამოუკიდებელი საქართველო

1992 წელს ჟიული შარტავა აირჩიეს საქართველოს პარლამენტის წევრად რუსთავის მაჟორიტარული ოლქიდან. მალე მას მოუწია უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო დავალების შესრულება — 1993 წლის 18 ივლისს აფხაზეთში გახურებული სამხედრო მოქმედებების დროს საქართველოს სახელმწიფოს მეთაურმა და უმაღლესმა მთავარსარდალმა ედუარდ შევარდნაძემ ჟიული შარტავა სრულიად მოულოდნელად ფრონტის წინა ხაზზე გააგზავნა და აფხაზეთის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარედ დანიშნა.

ტანკერ „ჟ. შარტავას“ მაკეტი

ჟიული შარტავა აქტიურად შეუდგა თავის მოღვაწეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელის რანგში. მაგრამ მისი სწრაფვა და მონდომება, როგორმე შეეჩერებინა ძმათამკვლელი ომი და აფხაზეთში მშვიდობა დაემყარებინა, ამაო გამოდგა – მოვლენები სულ სხვა სცენარით განვითარდა.

აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, 1993 წლის ივნისში, საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის განკარგულებით დაინიშნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და აფხაზეთის თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარედ. 1993 წლის 27 სექტემბერს უშუალოდ ხელმძღვანელობდა მთავრობის სახლის დაცვის ოპერაციას, რომლის დროსაც აფხაზურმა სეპარატისტულმა დაჯგუფებამ თანამებრძოლებთან ერთად ტყვედ აიყვანა და დახვრიტა. მოგვიანებით, ჟიული შარტავას ცხედარი ქართულ მხარეს გადაეცა.

დაკრძალულია თბილისში, ვაკის პანთეონში. 2004 წელს, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ეროვნული გმირის ორდენით.

 

წყარო: ვიკიპედია

2020-03-07T12:11:20+04:00მარტი 7th, 2020|