„დღეს მთავრობის სხდომაზე განხილული იქნა და დამტკიცდა ვაქცინაციის ეროვნული გეგმა, რომელიც იქნება გზამკვლევი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვისთვის წლის ბოლომდე. გეგმის ძირითადი ამოცანა გახლავთ ის, რომ წლის ბოლომდე მოცული იყოს მოსახლეობის 60%. ეს არის იმისთვის, რომ ბუნებრივი იმუნიტეტის და ვაქცინაციის მოცვით, მოსახლეობის უმრავლესობა იყოს დაცული იმუნური პასუხით და მოგვეცეს შესაძლებლობა, რომ მოხდეს ეკონომიკის გახსნა უსაფრთხოდ და ქვეყანაში აღარ იყოს ვირუსის გავრცელების რისკები. ეს ამოცანა გარკვეულწილად ამბიციურია სხვა ქვეყნების მაგალითის გათვალისწინებით, მაგრამ, ვფიქრობთ, რომ რეალისტური და შესაძლებელია. ძირითადი დაშვებები, რომელსაც გეგმა ემყარება არის ის, რომ სიტუაცია ვაქცინებთან მიმართებით მუმდივად განახლებადია. თუ დღეს ჩვენ ავტორიზებულ ვაქცინებზე ვსაბრობთ Pfizer-ის, “მოდერნას” და “ასტრაზენეკასთან” მიმართებაში, შემუშავების პროცესში არის კიდევ ვაქცინების გარკვეული რაოდენობა, რომელიც საკმაოდ პერსპექტიულია და კარგი შანსი აქვს იმისი, რომ უახლოეს თვეებში მიიღებენ ისინიც ავტორიზაციას, რაც მეტად მრავალფეროვანს გახდის ბაზარს ვაქცინებთან მიმართებით და ჩვენც ბუნებრივია, ამ ჩვენს გეგმაში ავსახავთ იმ ვაქცინებს, რომელიც იქნება ეფექტური და ხარისიხანი“, – განაცხადა გაბუნიამ.

როგორც გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში პრეზენტაციაზე განაცხადა, თანხის ნაწილი ქვეყანას ბიუჯეტიდან უკვე გადახდილი აქვს კოვაქსპლატფორმაში, ხოლო ნაწილს ევროპის საინვესტიციო ბანკიდან მიიღებს.

„რა არის ის საჭიროება რაც გეგმის განხორციელებისთვის მზად უნდა გვქონდეს – შეფასებული მინიმალური საჭიროება ეს არის 64 მილიონი ლარი, მაქსიმალური ღირებულება 158 მილიონი ლარია, განსხვავება უკავშირდება ვაქცინის განსხვავებულ ღირებულებას, რადგან ვაქცინის ფასი შესაძლოა მერყეობდეს სხვადასხვა დროს სხვადასხვა გზით მიღების შემთხვევაში. ძირითადი განსხვავება ამ ბიუჯეტურ პარამეტრებში უკავშირდება ვაქცინის ფასს. ქვეყანამ მოახერხა ის, რომ ნაწილი ამ თანხის ბიუჯეტიდან გადაიხადა კოვაქსის პლატფორმაში, რაც ჩვენ გვაძლევს გარანტიას მოსახლეობის 20%-სთვის ვაცინის მიღების თაობაზე, თუმცა, დამატებით კიდევ იქნება რესურსი საჭირო, რაც უკვე მობილიზებულია სხვადასხვა წყაროდან, ერთ-ერთი გახლავთ ევროპის საინვესტიციო ბანკის სასესხო ხელშეკრულება, რაც ძალიან მალე ამოქმედდება. წლის ბოლომდე ეს მოგვცემს საშუალებას სრულად მოვიცვათ ბიუჯეტურად, რაც გვჭირდება“, – განაცხადა გაბუნიამ.

მისივე განცხადებით, საქართველოს 1 მილიონ 700 ათასი მოქალაქე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით მიმდინარე წლის ბოლომდე აიცრება. როგორც გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა, ვაქცინაცია წლის პირველ კვარტალში დაიწყება და პირველ ეტაპზე სამედიცინო პერსონალი აიცრება, რასაც შემდგომ სხვა რისკ ჯგუფების აცრა მოჰყვება.

„იმუნიზაცის პროგრამის გაშლა იგეგმება ეტაპობრივად. პირველ ჯგუფში მოხდება მეტად მაღალი რისკის ჯგუფების მოცვა, რომელსაც შემდეგ დაემატება სხვა პირები. პირველი ყველაზე მაღალი რისკის სამიზნე ჯგუფი გახლავთ ჯანდაცვის სექტორის მუშაკები, სამიზნე მოსახლეობა ჯამურად ამ ჯგუფის არის 71 ათასი, მოცვის მაჩვენებლი 65%. აქ არის დაშვება იმგვარი, რომ რიგ შემთხვევაში ჯანდაცვის პროფესიონალი სხვაგვარ გადაწყვეტილებას მიიღებს, ან ექნება იმგვარი თანმხლები მდგომარეობა, რა შემთხვევაშიც ვაქცინაცია შესაძლებელია არ იყოს ნაჩვენები. ამრიგად სამიზნე მოცვა არის 65%, რაც უფრო მაღალია, ვიდრე სხვა ჯგუფების მაჩვენებელი. აქედან გამომდინარე, ჩვენი მიზანი იქნება 46 ათასი ჯანდაცვის მუშაკი აიცრას პირველივე ეტაპზე ძალიან მალე და ეს იქნება მაღალი ალბათობით ამ წლის პირველი კვარტალი. როგორც კი მივიღებთ ვაქცინებს და უკვე ველოდებით, რომ ვაქცინებს მივიღებთ პირველივე კვარტალში, დაიწყება ვაქცინაცია ჯანდაცვის სფეროს მუშაკებისთვის. ამას შემდეგ მოყვება ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებების ბენეფიციარები და პერსონალი – ხანდაზმულთა სახლები, პანსიონატები, ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრები. ეს სამიზნე ჯგუფი დიდი არ არის, სულ 2600-ია მოსახლეობის რაოდენობა და 60%-იან მოცვაზეა განსაზღვრული. ამას შემდეგ მოჰყვება ასაკობრივი ჯგუფები, 75 წელს ზემოთ პირები, 65-დან 74 წლამდე პირები. ესენი არიან ყველა პირველი ჯგუფის ბენეფიციარები. ასევე ესენციური, ანუ ძირითადი სერვისების მიმწოდებლები, საუბარია სტრატეგიული მნიშვნელობის სერვისებზე, რომელთა შეუფერხებელი ფუნქციონირება კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, მათ შორის, პოლიცია, ჯარი და სხვა სტრატეგიული სერვისები. მიმწოდებლების რაოდენობა აქ 180 ათასია და სამიზნე მოცვა დაახლოებით 108 ათასია. ამის შემდეგ მოდის, ნაკლებად რისკის მქონე ჯგუფები 55-დან 64 წლის ფარგლებში. რაც შეეხება უფრო ახალგაზრდა პირებს, აქ გამოყოფილია ქრონიკული დაავადებების ჩამონათვალი, რომელიც იქნება ჩვენება ვაქცინაციისთვის. ჩამონათვალი ძალიან ამომწურავი და ყოვლისმომცველია. ყველა ის ქრონიკული მდგომარეობაა გათვალისწინებული, რაც შესაძლოა რისკ ფაქტორი გახდეს სამომავლოდ თუ პაციენტს შეხვდება კორონავირუსი. ჯამურად ეს ჯგუფები, მაღალი რისკის ჯგუფები გამოდის 830 ათასი ადამიანი და ამის შემდეგ მოდის მოსახლეობის სხვა ჯგუფები, რომ მივაღწიოთ მოსახლეობის 60%-ის მოცვას. ესეც არის 860 ათასი დაახლოებით, ანუ ჯამურად 1 მილიონ 700 ათასამდე ადამიანის მოცვა უნდა მოხდეს წლის ბოლომდე იმისთვის, რომ ჩვენ მივაღწიოთ შესაფერის იმუნურ დაფარვას ქვეყნის მასშტაბით“, – განაცხადა გაბუნიამ.