“დღეს ჩვენი ამოცანა უნდა იყოს არა ერთმანეთის ოპონირება, არამედ ყველა ერთად უნდა ვიყოთ ვირუსის ოპონენტები“ – განაცხადა “ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ “დღის კურიერთან“ საუბრის დროს.

მისი თქმით, მათი ხედვები სწორედ იქიდან გამომდინარეობს, როგორ განხორციელდეს ეფექტური ბრძოლა ვირუსის წინააღმდეგ.

“ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, არის ჩვენი ხედვა და რეკომენდაციები, ყველა ერთად უკეთესად როგორ უნდა ვებრძოლოთ ვირუსს, აქედან გამომდინარეობს ჩვენი ამოცანაც და დღის წესრიგიც დღეს და არა შიდა პოლიტიკური ბრძოლიდან. ვიმეორებ, არ არის დღეს შიდა პოლიტიკური ბრძოლის დრო და ყველა ერთად უნდა ვიყოთ ვირუსის ოპონენტები,“ – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მისივე თქმით, ჯანდაცვის მიმართულებით ნამდვილად ეფექტური ნაბიჯებია გადადგმული, თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ ეკონომიკის მხრივ, ხელისუფლებას კონკრეტული ხედვები, თუ რას ჰპირდება ის საზოგადოებას, დღემდე არ წარმოუდგენია.

კორონავირუსთან ბრძოლას აქვს ორი კონკრეტული მიმართულება. ჩვენ ვხედავთ ნამდვილად რადიკალურ და ეფექტურ ნაბიჯებს გადადგმულს ჯანდაცვის მიმართულებით და არაერთგზის გვითქვამს, რომ მძიმე ნაბიჯებშიც კი, რომელიც ემსახურება ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვას, ჩვენ მხარს ვუჭერთ ხელისუფლებას და ამ ნაბიჯებს.

ჯანდაცვის მიმართულებით, ვფიქრობ, რომ საქმე ბევრად უფრო წინ არის წაწეული, განსხვავებით ეკონომიკისგან, სადაც დღემდე არ დაგვინახავს გარკვეული და ჩამოყალიბებული გეგმა, თუ რას ჰპირდება ხელისუფლება საზოგადოებას. ამ სიტუაციაში ძალიან მნიშვნელოვანია გარკვეულობის განცდა. ბიზნესს უნდა ჰქონდეს გარკვეულობის განცდა, რა ელოდება წინ. უხელფასო შვებულებაში გაშვებულ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ გარკვეულობის განცდა, რა ელოდებათ წინ, აპრილში, მაისში ექნებათ თუ არა ხელფასი.

პირველი, რაც უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, კონკრეტული ნაბიჯები უნდა წარმოადგინოს. როგორც ჯანდაცვაში კონკრეტულად ვსაუბრობთ და ვხედავთ რა კეთდება, ზუსტად ასევე კონკრეტულად უნდა ვისაუბროთ და დავინახოთ, რა კეთდება ეკონომიკაში. დღემდე რეალურად ორი რამ გაკეთდა – ეს არის სესხების გადავადება და კომუნალური გადასახადების დაფარვა გარკვეული კატეგორიისთვის. ორივე კარგი ნაბიჯია, მაგრამ არასაკმარისი,“ – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლების სამიზნე ჯგუფი უნდა იყოს საშუალო ფენის წარმომადგენლები, რომლებმაც დღეს სამსახური დაკარგეს და გაურკვევლობაში არიან. მისი თქმით, ამ ადამიანებთან დაკავშირებით ნაბიჯები უნდა გადაიდგას.

“ჩვენ ვთავაზობთ მთავრობას, დავსხდეთ და ერთად განვიხილოთ, რომ ადამიანებს, ვინც კრიზისის გამო დაკარგა სამსახური ან გაუშვეს უხელფასო შვებულებაში ან სამსახური არ დაკარგა, მაგრამ ხელფასი არ აქვს, ასეთ ადამიანებს სახელმწიფომ გადაუხადოს სახელფასო კომპენსაცია. ჩვენ ვთავაზობთ, რომ ეს იყოს 8 თვის განმავლობაში ხელფასის 50%,“ – განაცხადა დავით ბაქრაძე.