გადარჩენისთვის ბრძოლას ღია სივრცის რესტორნები, მაღაზიები და  ბაზრობები იწყებენ. 1-ლი ივლისიდან ღია ტიპის რესტორნებით სარგებლობას მოქალაქეების მცირე ნაწილი შეძლებს. რესტორანში 1 მაგიდაზე, მაქსიმუმი, 6 ადამიანი 2-მეტრიანი დისტანციით დაიშვება.  სარესტორნო ქსელის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მძიმე რეგულაციების გამო მათ  შემოსავალი მკვეთრად შემცირდება, ხარჯები კი უცვლელი რჩება. ისინი სახელმწიფოსგან დახმარებას ელოდებიან.

„მაგიდასთან უნდა განვათავსოთ არაუმეტეს 6 ადამიანისა და მაგიდის მხოლოდ 50% უნდა იყოს შევსებული. შესაბამისად, თუ ვიღებდით, პირობითად, 100 ადამიანს, ახლა შეგვეძლება მოვემსახუროთ 50 ადამიანს. აქ მოგებაზე საუბარი ზედმეტია, აქ საუბარია იმაზე, რომ ჩვენ ჩვენი თანამშრომლების სახელფასო დავალიანების გადახდა მოვახერხოთ და მოვახერხოთ ის, რომ ჩვენ ვიარსებოთ. ბევრი რამ შეუძლია სახელმწიფოს გააკეთოს. იგივე კომუნალური ტარიფების 6 თვე, ან წლის ბოლომდე შემცირება, იგივე დღგ-ს გადასახადის კუთხით შეღავათების გაწევა და ბევრი რამ რაც მოგვცემს ამოსუნთქვის საშუალებას“, – აცხადებს „ჭაშნაგირი ჯგუფის“ გენერალური დირექტორი, გიორგი ყიფიანი.

სარესტორნო ბიზნესი, რომ რთულ მდგომარეობაშია ამას ადასტურებს სასტუმროების და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი. შალვა ალავერდაშვილი სხვადასხვა დაწესებულების დახურვას პროგნოზირებს.

„წლევანდელი წელი იქნება გადარჩენის წელი და არ იქნება თანხების მოგების წელიწადი. წელს უნდა გადავრჩეთ უბრალოდ. 2021 წლის მაისამდე სექტორი უნდა გადარჩეს. საფრთხე საკმაოდ დიდია განსაკუთრებით მცირე ზომის კაფეებისთვის და რესტორნებისთვის, რომლის გათვლა იყო 5-6-7 მაგიდაზე ამ დროისთვის ამ რეგულაციებიდან გამომდინარე, სულ რაღაც 3-4 მაგიდა გახსნან. ბიზნესმენები დათვლიან უღირთ თუ არა კონკრეტული მიმართულებით გახსნა და მუშაობა“, – განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა.

ასევე რთულ მდგომარეობაშია ტანსაცმლის მაღაზიების ნაწილი. მათი თქმით, მაღაზიაში გასახდელების არ არსებობა, მხოლოდ დიდი სავაჭრო ცენტრებისთვის არის მისაღები. კერძო მაღაზიების წარმოამდგენლები სახელმწიფოს გადასახედებზე შეღავათების დაწესებასაც სთხოვს.

„გამომდინარე ამ დაწესებული შეზღუდვებიდან ჩვენ გვექნება დიდი დისკომფორტი იმ თვალსაზრისით, რომ არ შეგვიძლია ვისარგებლოთ გასახდელით. ეს აისახება ჩვენ მუშაობაზე არ გაიყიდება ჩვენი პროდუქცია. რასაც დაეთანხმნენ დიდი სავაჭრო ცენტრები, ეს ჩვენნაირი მაღაზიებისთვის მიუღებელია, იმიტომ რომ სერიულად იყიდება ჩვენთან პროდუქცია, მაგრამ არ არის რაოდენობაში იმდენი, რომ ჩვენ ეს ნივთი გავაჩეროთ ორი კვირა“,-აცხადებს ასმათ კაკრიაშვილი, მაღაზია „დეიზის“ მფლობელი.

რამდენი მაღაზია და კვების ობიექტი შეძლებს მცირე შემოსავლის და უცვლელი გადასახედების ფონზე მუშაობის გაგრძელებას, ეს უცნობია. რესტორნებში დახურული სივრცის გამოყენება 8 ივნისიდან შეეძლებათ.

 

წყარო