აშშ-ში, მიჩიგანის შტატში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვის გაპროტესტების საბაბით შეკრებილი  მოქალაქეები ცეცხლსასროლი იარაღით შევიდნენ შტატის კაპიტოლიუმში, სადაც საკანონმდებლო ორგანო ფუნქციონირებს. შტატის კანონმდებლობით, კაპიტოლიუმში იარაღის ტარება ლეგალურია, წერს BBC.

შტატის დედაქალაქში გამართულ მიტინგს ასობით ადამიანი დაესწრო. მათ პირბადეები არ ეკეთათ და არ იცავდნენ სოციალურ დისტანციას. ისინი აპროტესტებდნენ შტატის დემოკრატი გუბერნატორის, გრეტჩენ უიტმერის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს.

კაპიტოლიუმის შენობაში შესვლამდე პოლიციამ დემონსტრანტებს ტემპერატურაც გაუზომა.

„ამერიკული პატრიოტული მიტინგის“ ორგანიზაცია ადგილობრივმა „მიჩიგანის თავისუფლებისთვის ერთობამ“ ითავა. დემონსტრანტების მოთხოვნაა, მიუხედავად შეზღუდვებისა, 1 მაისიდან შტატში გაგრძელდეს ჩვეული ეკონომიკური აქტივობა.

კაპიტოლიუმის შენობაში შესულმა დემონსტრანტების ნაწილმა, როგორც BBC წერს, სხდომათა დარბაზში შესვლაც სცადა, მაგრამ პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა.

ერთ-ერთი სენატორის განცხადებით, მის რამდენიმე კოლეგას ჯავშანჟილეტი ეცვა.

მომიტინგეებს მხარი დაუჭირა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპაც — „გაათავისუფლეთ მიჩიგანი“ ,— დაწერა ტრამპმა „ტვიტერზე“.