Covid-19-ის ჩინური ვაქცინა თაგვებზე, ვირთხებზე და მაიმუნებზე წარმატებით გამოსცადეს

“ჩვენ მოვახდინეთ გაწმენდილი ინაქტივირებული ვაქცინა PiCoVacc-ის საპილოტე წარმოება, რომელმაც თაგვების, ვირთხებისა და პრიმატების ორგანიზმებს ანტისხეულები გამოუმუშავა, რომლებმაც თავის მხრივ SARS-CoV-2-ის 10 სხვადასხვა შტამის ნეიტრალიზება მოახერხეს. ამ ვაქცინის მცირე და დიდმა დოზებმა კი ნაწილობრივ, ან სრულად შეძლეს მაკაკების Covid-19-სგან დაცვა”, – წერენ მკვლევარები.

ჩინური ფარმაკოლოგიური კომპანია Sinovac-ის სპეციალისტებმა და მათმა კოლეგებმა  ჩინეთის მეცნიერების აკადემიიდან შეიმუშავეს და გამოსცადეს ვაქცინა, რომელიც ინაქტივირებულ ვირუსულ აწილაკებზე დაყრდნობით შეიქმნა.

მისი წარმოებისთვის მეცნიერებმა შეაგროვეს სითხე პაციენტების ფილტვებდან, რომლებიც ჩინეთში, იტალიაში, ესპანეთში და დიდ ბრიტანეთში ახალი კორონავირუსული ინფექციით იყვნენ დაავადებული. მათგან ყველაზე სტაბილური ვირუსი სპეციალისტებმა ნიმუშის სახით აიღეს, რათა შეექმნათ ვაქცინა. მაიმუნების კუჭის უჯრედების კულტურაში ვირუსული ნაწილაკების დასუსტების შემდეგ, ბიოლოგებმა ვაქცინის საცდელი პარტია შექმნეს და იგი თაგვებზე, ვირთხებზე და მაიმუნებზე გამოსცადეს.

ვირთხებზე და თაგვებზე პირველმა ცდებმა აჩვენა, რომ ცხოველებმა კარგად გადაიტანეს ვაქცინაცია და პრეპარატის პირველი ინექციიდან ერთი/ორი კვირის შემდეგ ანტისხეულების დიდი რაოდენობით გამომუშავებაც დაიწყეს. მღრღნელების სისხლის ანტისხეულებმა SARS-CoV-2-ის ათივე შტამის განეიტრალება შეძლეს.

წარმატების მიღწევის შემდეგ კი, მედიკოსებმა ვაქცინა რეზუს მაკაკებზეც გამოსცადეს. ამ შემთხვევაში, მეცნიერებმა თავდაპირველად იმას მიაღწიეს, რომ ცხოველებს ჯერ იმუნური რეაქცია გამოუმუშავეს და შემდეგ დაიწყეს მათი ახალი ტიპის კორონავირუსით დაინფიცირება.

როგორც აღნიშნულმა გამოცდილებამ გვიჩვენა, ვაქცინის მცირე დოზის სამჯერ შეყვანამ მნიშვნელოვნად შეამცირა დაავადების სიმპტომების სიმკვეთრე, ხოლო ვაქცინის გაორმაგებული დოზა კი სრულად იცავდა მაკაკებს ინფექციისგან.

ამასთან, როგორც მეცნიერები აღნიშნავენ, ვაქცინაციის გამო, მაიმუნებს, ვირუსთან განმეორებითი კონტაქტის შემდეგ არ გამოუვლინდათ აქტიური იმუნური რეაქცია. თუმცა, პროცედურას სხვა ნეგატიური შედეგები არ მოჰყოლია, რისიც ყველაზე ხშირად ეშინიათ ხოლმე იმუნოლოგებს.

როგორც ვაქცინის შემქმნელები მიიჩნევენ, ამის შემდეგ შესაძლებელია, რომ PiCoVacc-ის ცდები საკვანძო ეტაპზე გადავიდეს, ანუ იგი გამოსცადონ მოხალისეებზე, რაც, როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ჩინეთში მალე დაიწყება.

2020-04-21T00:22:48+04:00აპრილი 21st, 2020|