„ერთი შეხედვით, საქართველო კორონავირუსთან ბრძოლაში წარმატებული იყო: აფეთქება კავკასიის პატარა ქვეყანაში მცირე იყო და ოფიციალურად 370 შემთხვევა ჰქონდათ, მაგრამ დღეს საქართველო გამოწვევის წინაშე დგას“, – ასე იწყება CNN-ის ჟურნალისტის, ნილ ჰაუერის სტატია.

ავტორი ამბობს, რომ საქართველო მართლმადიდებელი ეკლესია სააღდგომოდ მასშტაბური დღესასწაულის ჩატარებას აპირებს, რაც ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების თქმით, „სასიკვდილო შეიძლება იყოს“.

„საქართველოს ხელისუფლებას კორონავირუსზე სწრაფი პასუხი ჰქონდა. მთავრობამ სკოლები 29 თებერვალს დახურა, მაშინ როდესაც ქვეყანაში მხოლოდ 3 დადასტურებული შემთხვევა იყო. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეს სწრაფი რეაგირება იყო.

ამავდროულად საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ გადაწყვიტა, რომ არ გაიზიაროს ჩინოსნების და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების თხოვნა, რომლებიც მოუწოდებენ ადამიანებს დარჩნენ სახლში. ეკლესიები საქართველოში ღიაა და იქ ცერემონიები ტარდება, რაც ექსპერტების აზრით, შესაძლოა კატასტროფულ შედეგებამდე მივიდეს“, – წერს CNN-ი.

სტატიაში ზიარების რიტუალზეც არის საუბარი და აღნიშნულია, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მიუხედავად ეკლესიები ამ რიტუალის ჩატარებაზე უარს არ ამბობენ.

„კოვზი ხშირად არც კი ირეცხება“, – განუცხადა CNN-ს „საქართველოს პოლიტიკური ინსტიტუტის“ პროექტის კოორდინატორმა სალომე კანდელაკმა.

გავლენიანი მედიასაშუალება იმასაც აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკლესიის დაჟინებულობა განსაკუთრებით აღსანიშნავია იმ ფონზე, რაც სხვა მართლმადიდებლურმა ეკლესიებმა განახორციელეს.

„რუსულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ მრევლს სახლში დარჩენისკენ ოფიციალურად მოუწოდა. ბერძნულმა ეკლესიამ კი წირვების ჩატარება 16 მარტამდე გადადო,“ – წერია სტატიაში.

CNN-ი CRRC-ის ბოლო კვლევაზეც ლაპარაკობს, რომლის მიხედვითაც, ქართული ეკლესიის მიმართ ნდობა, 2008 წელსთან შედარებით, როდესაც ეს მაჩვენებელი 75% იყო, ამჟამად 38%-ია.

ავტორის თქმით, საპატრიარქოს პოზიცია, საზოგადოებას ერთმანეთს აპირისპირებს და ბევრი ქართველი სოციალურ ქსელში კრიტიკულ აზრს აფიქსირებს.

 

წყარო: https://primetime.ge/cnn-saqartvelos-daumorchilebeli-eklesia-karantinis-miukhedavad-saaghdgomod-mrevls-miighebs/?fbclid=IwAR1YrXfwRDVV5HL59vyST-k37Mwe4ksa-T3D1jH3_nsgAlk8yShUlHQhoyI