ცალკე პირობები არ ყოფილა. ეს პირობები მიბმული იყო ერთმანეთზე, ერთი ჯაჭვი არის ამ პირობების. ჩვენ ვუჭერთ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს, ოღონდ ამ პირობების შესრულების შემთხვევაში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა „იმედის კვირასთან“ 8 მარტის შეთანხმებაზე საუბრისას განაცხდა. მისი თქმით, პარტია ცვლილებებს მხარს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუჭერს, თუ გიორგი რურუა გათავისუფლდება.

„როდესაც შეთანხმება არ სრულდება და არ სრულდება იმის ხარჯზე, რომ ხელისუფლება უბრალოდ ჯიბრში უდგება როგორც ოპოზიციას, ასევე იმ საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებიც უშუალო მონაწილეები იყვნენ ამ მოლაპარაკებების, მაშინ, რა თქმა უნდა, დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ ის საკითხი დავუჭერთ თუ არა მხარს. ჩვენს ინტერესშია, რომ ეს საკონსტიტუციო ცვლილებები მიღებული იქნას. მაგრამ როდესაც საქმე ეხება შეთანხმების ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტის არ შესრულებას და ამის ხარჯზე უნდა რომ მაინც გადაიაროს ხელისუფლებას, ამის ფუფუნებას ნამდვილად ვერ მივცემთ“, – ამბობს უდუმაშვილი.

ოპოზიცია და ხელისუფლება 8 მარტს 2020 წლის არჩევნების 120/30-ზე მოდელით ჩატარებაზე შეთანხმდნენ. შესაბამის შეთანხმებას მხარეებმა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს. პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დღეს, საკონსტიტუციო ცვლილებებს კენჭი პირველი მოსმენით უყარეს. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 136 დეპუტატმა, 5 კი წინააღმდეგ მისცა ხმა.