საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ის მზად არის არჩევნების შემდეგ, ითანამშრომლოს განსხვავებული შეხედულებების ადამიანებთან.

სააკაშვილის თქმით 7 წელი საკმარისი იყო გადაფასებისთვის.

“ვფიქრობ, ყველასთან ვითანამშრომლებ ვისაც არ აქვს ერთპიროვნულ ძალაუფლებაზე პრეტენზია. პატარა ქვეყანა ვართ, ცოტა ხალხი ვართ და საჭიროა ამ ცოტა ხალხმა შეძლოს საერთო ენის გამონახვა ერთმანეთთან. მე პირადად, ძალიან შევიცვალე. ჩვენ გვჭირდება სისტემა, რომელიც არ დაუშვებს ერთპიროვნულ მმართველობას. ის, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ქართველი ხალხის საუკეთესო მოლოდინების გამმართლებლები, ამაში ეჭვი არ მეპარება. მე მიყვარს განცვიფრება და განსაკუთრებით მიყვარს ოპონენტების განცვიფრება. ყველაფერი, რაზეც ოპონენტები ფიქრობენ, რომ აი შეიძლება უბედურება მოხდეს, ყველაფერი მოხდება საწინააღმდეგოდ. იმიტომ რომ მე ის მიშა აღარ ვარ, რომელიც ვიყავი, ეს კარგიც არის და ცუდიც. 7 წელი საკმარისი დრო იყო დაფიქრებისთვის, გადაფასებისთვის და რაღაც სახის გამოცდილების სწორად გასააზრდებლად. ახლა მთავარია მაქსიმალური კონსოლიდაცია,” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში.