„შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენ გადაგვარჩინა უკრაინის სპეცსამსახურებმა“,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, შესაძლაო რუსეთი „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ უხეშად ჩაერიოს არჩევნებში.

„რუსეთი არის ტერორისტული სახელმწიფო, პირადად პუტინმა არაერთი ტერორისტული აქტი განახორციელა, მათ შორის, მოწამვლებისა და მკვლელობების სახით. როგორც ირკვევა, ეს პროცესი გახსნილია უკრაინის სპეცსამსახურების მიერ. საქართველოს ხელისუფლება არაერთხელ მფარველობდა კადიროვის რაზმებს და მათ წარმომადგენლებს, ისინი თავისუფლად დადიოდნენ თბილისში, ბათუმში და გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ ისტერია იყო ატეხილი.

ამიტომ შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენ გადაგვარჩინა უკრაინის სპეცსამსახურებმა. ამასთანავე, უნდა ითქვას, თუ როგორი საჩუქარი მიუძღვნა რუსეთმა „ქართულ ოცნებას“, როცა მან დადგა ციხის კადრები, როცა რაფალიანცის მკვლელობის სახით შექმნა ქვეყანაში ფსიქოზი, რამაც ძლიერი გავლენა მოახდინა მაშინ არჩევნებზე. არ არის გამორიცხული, რომ რუსეთი უხეშად და ნებისმიერი ფორმით ჩაერევა საქართველოს მომავალ არჩევნებში და ბუნებრივია, „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა “ეხო მასკვიზე” 1 წლის წინ, ქართველი ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას მიმართ მუქარის წერილი გამოაქვეყნა.

მანამდე, გაბუნიამ „პოსტ სკრიპტუმის” პირდაპირ ეთერში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, რუსულად აგინა. გიორგი გაბუნიას მონოლოგმა საზოგადოების ნაწილის აღშფოთება გამოიწვია.

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა მომხდარის გამო მაყურებელს მაშინ ბოდიში მოუხადა. გიორგი გაბუნიას კი უფლებამოსილება 2 თვით შეუჩერდა.

გუშინ „მთავარი არხის“ დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია იგეგმებოდა. მისივე თქმით, ლიკვიდაციის გეგმა გიორგი გაბუნიას სკანდალურ ეთერს უკავშირდება, რა დროსაც გაბუნიამ ვლადიმერ პუტინს აგინა.