„ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე პოლიტიკური პარტიის შექმნას აანონსებს.

როგორც ის „პრაიმტაიმთან“ საუბრისას აცხადებს, ეს იქნება ახალი სიტყვა ქართულ რეალობაში. მისივე თქმით, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც პრეზიდენტმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა.

„ციხიდან გამოშვებების შემდეგ, გამოჩნდა, რომ „ნაცებისთვის“ ხელისუფლების გადაბარების პროცესი დაწყებულია და ამაში „ქართული ოცნების“ ლიდერებიც მონაწილეობენ.

გადავწყვიტეთ, რომ „ქართული მარში“ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოძრაობად გარდაიქმნას. როგორც საგანგებო მდგომარეობა დასრულდება უახლოეს ორ კვირაში ყრილობას ჩავატარებთ, სადაც ოფიციალურად ვიტყვით, რა როგორ იქნება.

პარტიაში რამდენიმე საზოგადოებისთვის ცნობილი სახეც იქნება.

დღეს პარტიების უმრავლესობას იდეა არ გააჩნიათ. ეს ძირითადად ფულიანი პიროვნებები არიან. განსხვავებას ვერ დაინახავენ „ლელოსა“ და „ევროპულ საქართველოს“ შორის. მამუკა გაბრაზდა და ოპოზიციაში წავიდა, ეს პარტია არ არის,“ – აცხადებს სანდრო ბრეგაძე.

მისივე თქმით, „ქართული მარში ყველასგან განსხვავებულია. პარტიის ლოზუნგი კი „დინებას მხოლოდ მკვდარი თევზები მიყვებიან“ იქნება.

„ქართული მარში ყველასგან განსხვავდება, რადგან მას იდეოლოგია გააჩნია. ჩვენ პოლიტიკური გუნდი ვიქნებით, რომლის ანალოგიც ქართულ პოლიტიკაში არ არსებობს.

„დინებას მხოლოდ მკვდარი თევზები მიყვებიან“. ჩვენ დინების საწინააღმდეგოდ წავალთ. ეს იქნება ჩვენი მთავარი განმასხვავებელი.

ესენი როგორც მკვდარი თევზები ისე მიყვებიან დინებას. ზოგი დასავლეთს, ზოგი აღმოსავლეთს.

ჩვენ აბსოლუტურად განსხვავებულები ვიქნებით. ვივლით დინების საწინააღმდეგოდ, რადგან ეს მდინარე ჭუჭყით და სიბინძურით სავსეა,“ – განუცხადა „პრაიმტაიმს“ სანდრო ბრეგაძემ.

 

წყარო