ჩეხეთის პრეზიდენტი: აუცილებელია საზღვარგარეთ მოქალაქეების გასვლა ერთი წლით აიკრძალოს

ჩეხეთის პრეზიდენტი მილოშ ზემანი აცხადებს, რომ აუცილებელია საზღვარგარეთ მოქალაქეების გასვლა ერთი წლით აიკრძალოს, რათა არ მოხდეს ახალი კორონავირუსის ხელახალი აფეთქება. ამის შესახებ იგი ადგილობრივ რადიო სადგურთან ინტერვიუში აცხადებს

მისი მოსაზრებით, მოქალაქეები არ უნდა წავიდნენ საზღვარგარეთ, ხოლო ზაფხულის არდადეგებზე მათ სჯობს ჩეხური პეიზაჟებით დატკბნენ. პრეზიდენტი აცხადებს, რომ თავად იგი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით წავიდოდა დასასვენებლად.

ზემანის თქმით, საზღვრების გახსნა გამოიწვევს იმას, რომ ადამიანები წავლენ ისეთ ქვეყნებში, სადაც ინფიცირების შანსები მაღალია, რამაც შესაძლოა კვლავ გააუარესოს ჩეხეთის ეპიდემიოლოგიური სიტუაცია.

ამგვარი რეაქცია ჰქონდა ზემანს აგრეთვე ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის ადამ ვოიტეხის წინადადებაზე, რომლის მიხედვითაც ჩეხეთის მოქალაქეებისთვის ნაწილობრივ მოიხსნებოდა შეზღუდვა და მათ შეეძლებოდათ წასვლა ისეთ ქვეყნებში სადაც ნაკლებია ახალი კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი, მაგალითად სლოვაკეთში და ხორვატიაში. თუმცა, მინისტრმა აგრეთვე აღნიშნა, რომ აღნიშნული საკითხის განხილვა მაისამდე მაინც არ მოხდება.

თავის მხრივ, ტურისტული ფირმები ქვეყანაში ხელისუფლებისგან ითხოვენ, რომ საზღვრების გახსნის საორიენტაციო თარიღები მაინც დაასახელონ. ჩეხეთის ტურისტული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას შეუძლია მოქალაქეებს მისცეს უფლება წავიდნენ ბულგარეთში, საბერძნეთში, ტაილანდში, ვიეტნამში და მალდივებზე.

ჩეხეთმა საზღვრები სრულად ჩაკეტა 16 მარტს. ქვეყნის დატოვება მოქალაქეებს მხოლოდ სპეციალური ნებართვის ქონის შემთხვევაში შეუძლიათ.

წყარო: აიპრესი
2020-04-20T13:32:22+04:00აპრილი 20th, 2020|