შალვა შავგულიძე „თავისუფალი დემოკრატებიდან“ წასვლის მიზეზებს ასახელებს

“თავისუფალი დემოკრატები” პარტიის ლიდერებმა- შალვა შავგულიძემ, ნინო გიგუაძემ, სანდრო ბარამიძემ და გიორგი ქიტიაშვილმა დატოვეს. ისინი „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო სიაში იქნებიან.

შალვა შავგულიძემ დღეს პარტიიდან წასვლის მიზეზად გამგეობაში შექმნილი არაჯანსაღ ვითარება დაასახელა და დეტალურად ისაუბრა იმ დაპირპსირებაზე, რომელიც გამგეობის წევრებთან არსებობდა.

შავგულიძე ამბობს, რომ 2016 წლის მსგავსდ, ბიძინა ივანიშვილმა 2020 წლის არჩევნებისთვისაც მოახერხა „თავისუფალი დემოკრატების“ რიგების შერყევა”

განვლილი 4 წლის მანძილზე გამგეობის წევრთა ნაწილს, რომელიც საბოლოოდ გამგეობის შემადგენლობის ოთხ წევრიან უმრავლესობად ჩამოყალიბდა, რეალურად არანაირი მონაწილეობა პარტიის პოლიტიკურ საქმიანობაში არ მიუღია. მათ საკუთარი პოზიცია არ გამოუხატავთ ქვეყანაში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით. მათ შორის, 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებითაც კი. ასე მოვედით 2020 წლის ზაფხულამდე.” ამბობს შავგულიძე.

მისივე თქმით, აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად პარტიის გამგეობის ყველა წევრი მხარს უჭერდა „ევროპულ საქართველოსთან“ საარჩევნო ბლოკის შექმნას და 2020 წლის არჩევნებში ამ სახით მონაწილეობას, თუმცა როგორც შავგულიძე ამბობს, მოულოდნელად გამგეობის უმრავლესობამ პოზიცია შეიცვალეს:

დაახლოებით ერთი თვის წინ, გამგეობის ზემოხსენებულმა უმრავლესობამ შეცვალა პოზიცია პარტიის საარჩევნო სიის თაობაზე. კერძოდ, მათ დააყენეს საკითხი, რომ სიაში მე-2 ნომრად დასახელებულიყო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში „თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარობის კანდიდატი, ვახტანგ მჭედლიძე. მე არ დავეთანხმე გამგეობის აღნიშნული უმრავლესობის ამ პოზიციას, ვინაიდან ვახტანგ მჭედლიძეს, 2017 წლის თებერვალში გამგეობის წევრად არჩევის შემდეგ მთელი 3 წლის მანძილზე, 2020 წლამდე, არავითარი კომუნიკაცია პარტიასთან არ ჰქონია და შესაბამისად, არანაირი მონაწილეობა პარტიის პოლიტიკურ საქმიანობაში მას არ მიუღია.

მე ვერ ვხედავდი არგუმენტს იმის დასაშვებად, რომ პარტიის საარჩევნო სიაში მას მე-2 ადგილი დაეკავებინა, საზოგადოებისათვის კარგად ცნობილი პარტიის ისეთი ლიდერების წინ, როგორებიც გახლდათ ნინო გოგუაძე, სანდრო ბარამიძე, ლევან სამუშია, რომელთა შრომითაც იყო შექმნილი პარტიის სახე, მისი პოლიტიკური წონა და ავტორიტეტი. სამწუხაროდ, გამგეობის აღნიშნული უმრავლესობა, ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე, თავის პოზიციაზე დარჩა.” ამბობს შავგულიძე.

მისივე თქმით, “თავისუფალი დემოკრატების” გამგეობის წევრი დევი ტაბიძე,  „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენასაც დაესწრო, რამაც პარტიაში ვითარება კიდევ უფრო დაძაბა:

ცოტა ხნის წინ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის 30 კანდიდატის წარდგენის საზეიმო ცერემონიალს, მხარდამჭერის სტატუსით ესწრებოდა გამგეობის აღნიშნული უმრავლესობის ერთ-ერთი წარმომადგენელი და იმავდროულად ჩვენი პარტიის საგარეო მდივანი – ექიმი, დევი ტაბიძე. სავალალო ის არის, რომ არც თავად დევი ტაბიძე და არც გამგეობის ზემოხსენებული წევრები, პრობლემას ამ გარემოებაში ვერ ხედავენ.” ამბობს შავგულიძე

მისივე თქმით, ის არ არის დარწმუნებული, რომ „თავისუფალი დემოკრატები“ პარლამენტში შესვლის შემთხვევაში, “ქართულ ოცნებას” კოალიციას არ შეუქმნიან, შესაბამისად პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო

მე როგორც პარტიის თავმჯდომარე, ვეღარ ვიღებ პასუხისმგებლობას პარტიის გამგეობის აღნიშნული წევრების მოქმედებებზე; არ ვარ დარწმუნებული, რომ „თავისუფალი დემოკრატების“ პარლამენტში შესვლის შემთხვევაში, ისინი უერთგულებენ ოპოზიციურ შეთანხმებას, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან სამთავრობო კოალიციის არშექმნის შესახებ; მათთან ერთად ვეღარ გავაგრძელებ ბრძოლას ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობის წინააღმდეგ.

ივანიშვილის ხელისუფლებამ „თავისუფალი დემოკრატების“ რიგების შერყევა თავდაპირველად 2014 წლის შემოდგომაზე, ხოლო შემდეგ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს მოახერხა. მსგავსმა სიმპტომებმა ამჟამად, 2020 წლის არჩევნების წინ იჩინეს თავი. მოხარული ვიქნები, თუ ჩემი შიში არ გამართლდება და „თავისუფალ დემოკრატებში“ დარჩენილი ადამიანები „ქართული ოცნების“ პრორუსული ხელისუფლების ორბიტაზე არ აღმოჩნდებიან“ აცხადებს შალვა შავგულიძე.

2020-08-20T12:02:57+04:00აგვისტო 20th, 2020|