ბათუმში 70 წლის მამაკაცი კვლავ მართვით სუნთქვაზეა, ინფიცირებული ექთნის მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია

ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებულმა ერთ-ერთმა პირმა შესაძლოა, ხვალ, კლინიკა “მედალფა” დატოვოს.

კლინიკის ინფორმაციით, მოქალაქეს ვირუსის ნიშნები აღარ აღენიშნება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. კლინიკაში ამბობენ, რომ მოქალაქეს ხვალ განმეორებით კვლევას ჩაუტარებენ და თუ პასუხი იქნება უარყოფითი, მას სახლში გაუშვებენ.

რაც შეეხება ინფიცირებულ 70 წლის მამაკაცს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, იგი მართვით სუნთქვაზე რჩება. ასევე ოთხი ინფიცირებულს პნევმონია აქვს.

ამასთან, ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ინფიცირებული ექთნის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის ციური აბულაძის ინფორმაციით, კვლევის შედეგად 20 ადამიანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, ხუთ პირს კი სინჯები აუღეს და ლაბორატორიული კვლევის შედეგებს ელოდებიან.

ცნობისთვის, აჭარაში კორონავირუსით 8 ადამიანია ინფიცირებული.

2020-04-01T13:16:08+04:00აპრილი 1st, 2020|