ბაქრაძის განცხადებაზე ენმ-ს ნაწილის აღშფოთება, ავტორიტარული აზროვნების მაგალითია

“ევროპული საქართველოს” ლიდერი, გიგა ბოკერია დავით ბაქრაძის განცხადებაზე “ნაციონალური მოძრაობის” წევრების გამოხმაურებებს პასუხობს. მისი თქმით, იმის გამო აღშფოთება, რომ სხვა პარტიები ენმ-ს არ პრემიერობის კანდიდატურაზე არ ეთანხმებიან, ავტორიტარული აზროვნების მაგალითია.

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა,  დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი არიან ის ადამიანები, ვინც „ევროპული საქართველოს“ გადმოსახედიდან მინისტრთა კაბინეტში არ უნდა იყვნენ.

როგორც ბოკერიამ “ნეტგაზეთს” უთხრა,  ბაქრაძის ეს განცხადება აბსოლუტურად გამოხატავს “ევროპული საქართველოს” პოზიციას. თუმცა მისი თქმით, სააკაშვილის მინისტრობის თემის წინ წამოწევა პრაგმატულად არასწორია, რადგან ივანიშვილის პროპაგანდაც ამაზეა აგებული, რომ “გათიშოს ამომრჩევლების ის ნაწილი, რომელიც ივანიშვილის წინააღმდეგ არის, მაგრამ ამ კონკრეტულ კანდიდატს ან ამ კონკრეტულ პარტიას მხარს არ უჭერს”.

“ეს ყველაფერი საუბარი არის უგუნური, ტაქტიკურად ივანიშვილის პროპაგანდისთვის ხელისშემწყობი მცდარი ნაბიჯები და განცხადებები. მაგრამ, რეალურად, თვითონაც იციან ყველამ, რომ სააკაშვილი პრემიერი ვერ გახდება და ყველა პარტიას მოუწევს კომპრომისულ გადაწყვეტილებებზე დათანხმება, მათ შორის კაბინეტთან დაკავშირებით. იმიტომ, რომ კოალიცია სჭირდებათ მათაც, როგორც სხვებს სჭირდებათ მათთან კოალიცია. ჩვენ მეორე ადგილზე გავედით წინა ორ არჩევნებში და ამიტომ ახლა თუ ისევ მეორეზე გავედით… ჯერ ერთი, მეორეზე გასვლაზე რატომ აქვთ ორიენტაცია აღებული, ჩვენ ივანიშვილი უნდა დავამრცხოთ ყველამ ერთად და არავინ არ იცის, ვინ რომელ ადგილზე გავა. მაგრამ მიდგომა არის ძალიან ნიშანდობლივი ამ პოლიტიკური ფიგურების მხრიდან. ამომრჩეველი, მათ შორის ის ამომრჩეველი, რომელმაც წინა არჩევნებზე “ნაციონალურ მოძრაობის” კანდიდატს მისცა ხმა, ბევრად უფრო შეგნებულია, ვიდრე ეს  სპიკერები”, — ამბობს ბოკერია.

მისი თქმით,  ყველა უნდა შეეგუოს იმას, რომ არავის არ აქვს ხმების 50%-ზე მეტი, თუ ექნება, ის თვითონ ჩამოაყალიბებს მთავრობას და როცა არ აქვს, მრავალფეროვან ოპოზიციურ სპექტრთან საერთო ენა უნდა იპოვოს.

“გაუგებარია იმაზე აღშფოთება, რატომ არ მოსწონთ სხვა პარტიებს, მათ შორის “ევროპულ საქართველოს” მათ მიერ ნომინირებული კანდიდატები. როგორმე უნდა შეეგუონ ამას, რომ ერთპიროვნული, ერთი გუნდის, როგორც იყო იქამდე — მე რომელ გუნდშიც გახლდით, იმ ფორმით მმართველობა საქართველოში აღარ იქნება. ერთი გუნდის ხელში აღარ იქნება ყველაფერი და ამიტომ უნდა იცოდნენ, რომ კომპრომისები მოუწევთ”, — აღნიშნავს ის.

ბოკერია “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებას ეხმაურება. დეკანოიძის თქმით, “თუ ნაციონალურ მოძრაობას, რომელიც არის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია, არ უქმნი კოალიაციას, მაშინ ლოგიკურად არის მეორე, ქართული ოცნება, ბიძინა ივანიშვილი”. როგორც ბოკერია ამბობს, მსგავსი განცხადება “სრული უპასუხისმგებლობაა”.

“კოალიციის შეკვრა იმას კი არ ნიშნავს, მათ ვინც უნდა, ის იქნება პრემიერ-მინისტრი, მაგალითად, სააკაშვილი. რა მაგრად გაუგია კოალიცია ქალბატონ ხატიას. საკითხის ასე დაყენება, რომ თუ იმას არ აირჩევთ პრემიერად, ვინც ჩვენ გვინდა — სააკაშვილი, ივანიშვილს დავტოვებთ ხელისუფლებაშიო, ეგ არის სრული უპასუხისმგებლობა. ივანიშვილი წააგებს და ევროპული კოალიცია კომპრომისულ პრემიერ-მინისტრზე შეჯერდება და ეს ვერ იქნება სააკაშვილი, ეს ხომ ყველამ იცის”, — ამბობს ბოკერია.

ბოკერია “ნაციონალური მოძრაობის” კიდევ ერთი წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც სამადაშვილმა თქვა, რომ “ბაქრაძის მხრიდან სააკაშვილზე თავდასხმა “ევროპული საქართველოს” მაჟორიტარებს ძალიან მძიმედ დაუჯდებათ”

ბოკერიას თქმით, ეს განცხადება “სრულიად უგუნურია” და სამადაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” ამომრჩევლის მნიშვნელოვანი ნაწილის განწყობას არ განსაზღვრავს. როგორც ის ამბობს, ენმ-ს ამომრჩეველი ბევრად უფრო გონიერია, ვიდრე სამადაშვილი.

“ჩვენ განსხვავებული ამომრჩეველი გვყავს და ერთმანეთს ბევრ რამეში არ ვეთანხმებით, მათ შორის არც სააკაშვილის პრემიერობაში. სააკაშვილის პრემიერ-მინისტრობის წინ წამოწევა დაეხმარებათ მათ მაჟორიტარებს სხვა ხმების მოპოვებაში? რა მაგრად წარმოუდგენიათ. ჩვენ ერთმანეთის მხარდაჭერა გვჭირდება, რომ ივანშვილის რეჟიმის რისკები გავანეიტრალოთ. ძალიან კომიკური განცხადებაა და აჩვენებს იმას, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ნაწილმა გამოცდილება ვერ დააგროვა ჩვენი საერთო წარსულიდან.  ჩვენ გვჭირდება ერთმანეთის მხარდაჭერა, რომ გავანეიტრალოთ რისკები პირველ ტურში და ამიტომ მოხდა თბილისში შეჯერება. იქ “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატებს სჭირდებათ სხვების ხმები და სხვებს სჭირდებათ დანარჩენების ხმები. ჩვენი ამომრჩევლები საკმაოდ გონიერები არიან, რომ მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა პარტიის ბევრი რამე არ მოსწონთ, ივანიშვილს აღიქვამენ ქვეყნის მთავარ საფრთხედ”, — აცხადებს ბოკერია.

14 აგვისტოს „რუსთავი 2-ის“ ეთერში „ღამის კურიერის“ წამყვანმა დავით ბაქრაძეს ჰკითხა: „იმ შემთხვევაში, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ თავის აღმასრულებელ ხელისუფლებაში, სიებში ჩაწერს სააკაშვილის, მერაბიშვილის ან ადეიშვილის გვარებს, თქვენთვის მისაღები იქნება ასეთ მინისტრთა კაბინეტში ინტეგრირება“?

დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ კოალიციური ხელისუფლება ყოველთვის გულისხმობს მოლაპარაკებებს და შეთანხმებებს პარტიებს შორის და როდესაც საკითხი მივა კოალიციური მთავრობის შექმნამდე, „ევროპულ საქართველოს“ ექნება გარკვეული პირობები მომავალ კოალიციურ მთავრობასთან დაკავშირებით. ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე მან განაცხადა:

„იქნებიან ადამიანები, ვინც ჩვენი გადმოსახედიდან მომავალ მინისტრთა კაბინეტში, მათ შორის პრემიერ-მინისტრად, არ უნდა იყვნენ… მაგალითად, სააკაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი“. ჟურნალისტის კითხვას, „რატომ“, ბაქრაძემ ასე უპასუხა:

„იმიტომ, რომ მიგვაჩნია, რომ დღეს დაკვეთა არის სხვა ტიპის მართვაზე; იმიტომ, რომ მიგვაჩნია, რომ — სამართლიანად არის თუ უსამართლოდ, – საზოგადოებაში არსებულ განწყობას და აზრს ანგარიში უნდა გავუწიოთ; და იმიტომ, რომ მიგვაჩნია, კოალიციურო ხელისუფლება უნდა იყოს ისეთი, სადაც იქნება შესაძლებელი, რაც შეიძლება მეტი პარტიის ჩართვა და, შესაბამისად, მასში იქნებიან ისეთი ფიგურები, ვისთან ერთად მუშაობასაც შეძლებენ განსხვავებული პარტიების წარმომადგენლები“

 

წყარო

2020-08-16T12:08:32+04:00აგვისტო 16th, 2020|