ბახმაროში დაუდგენელმა პირმა 10 ჰექტრამდე ფართობის ტერიტორია უნებართვოდ შემოღობა

„გურიანიუსის“ ინფორმაციით, დაბა ბახმაროში, მზის ჩასავალ გორასთან 10 ჰა-მდე მიწის ფართობი უნებართვოდ შემოღობეს.

სააგენტოსთან შპს „კურორტ „ბახმაროს” დირექტორი, დავით საჯაია, ასევე დაბა ბახმაროში მერის წარმომადგენელი, დავით ჟღენტიც ადასტურებენ, რომ ფართობის შემოღობვის შესახებ ინფორმაცია აქვთ, მაგრამ ვინ და რა მიზნით შემოღობა ამხელა ტერიტორია, არ იციან.

„დაწყებულია მოკვლევა და გამოვლინდება, ვინ შემოღობა. ჩემთვის უცნობია, ვინ გააკეთა ეს“, – ამბობს საჯაია.

მიწის ნაკვეთის შემოღობვის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს დაბა ბახმაროში მერის წარმომადგენელი, დავით ჟღენტიც.

ის აღნიშნავს, რომ ფაქტზე მიმდინარეობს მოკვლევა, უახლოეს დღეებში კი კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები გახორციელდება.

„გურია ნიუსი“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსს, ვლადიმერ ლომთათიძესაც ესაუბრა იმის გასარკვევად, თუ რა სახის სანქციას ითვალისწინებს მსგავსი ქმედება, თუ ის უკანონოა.

„თუ ეს არის უკანონოდ შემოსაზღვრული, ფაქტი ითვალისწინებს ჯარიმას. ჯერ დასადგენია რა ტერიტორიაა.

სახელმწიფო მიწის დაკავება საკურორტო ზონაში ისჯება 25 000 ლარით.

თუ ეს არ არის საკურორტო ზონა და არის ალპური საძოვარი, ამ შემთხვევაში ჯარიმაა 1000 ლარი, პლიუს დემონტაჟი“, – ამბობს ლომთათიძე.

წყარო

2020-06-14T01:38:41+04:00ივნისი 14th, 2020|